ჩვენ უამრავი საშულება გავაჩინეთ, რომ მორგებული ტენდერები არ იყოს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძემ მორგებული და უკონკურსოდ ჩატარებული ტენდერების კომენტირებისას განუცხადა.
„ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, რამდენად ეთანხმება სააგენტოს ხელმძღვანელი ხშირად გაჟღერებულ კრიტიკას, რომ სახელმწიფოს ტენდერები მორგებულია და ხშირად ტენდერებში ჩადებული მოთხოვნები კონკურენციას ზღუდავს, რაზმაძე განმარტავს, რომ არსებობს არაერთი მექანიზმი, რომელიც ტენდერებში კონკურენციის დაცვას უზრუნველყოფს.
„ჩვენ უამრავი საშუალება გავაჩინეთ, რომ მორგებული ტენდერები არ იყოს და ტენდერების მონაწილეებს და სხვა დაინტერესებულ პირებს საშუალება მივეცით მსგავსი შემთხვევები დავების საბჭოში გაასაჩივრონ. საბჭო დავებს ოპერატიულად წყვეტს და ეს გადაწყვეტილებები სამართლიანობაზეა დაფუძნებული. დავების საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება სასამართლოშია შესაძლებელი და მინდა აღვნიშნო, რომ დღემდე სასამართლომ ყველა გადაწყვეტილება დავების საბჭოს სასარგებლოდ მიიღო,"- განმარტა რაზმაძემ.