"თორნიკე რიჟვაძეს ალბათ, აქვს ინფორმაცია, რომ ჰესი არ აშენდება, დაველოდებით მოვლენებს"

ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებოდით მაჭახელას ხეობაში ჰესის მშენებლობას, მაგრამ როგორც ჩანს, ინვესტორსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის შედგა რაღაც შეთანხმება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

„ინტერპრესნიუსის“ კითხავზე, რა ინფორმაციას ფლობს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იმასთან დაკავშირებით, რომ მაჭახელას ხეობაში ჰესი შესაძლოა აღარ აშენდეს, თურნავა აცხადებს, რომ ალბათ, ადგილობრივ მთავრობას ჰქონდა ამგვარი განცხადების გაკეთების მიზეზი.

„თორნიკე რიჟვაძეს აქვს ალბათ ეს ინფორმაცია, ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებოდით მაჭახელას ხეობაში ჰესის მშენებლობას, მაგრამ როგორც ჩანს, შედგა რაღაც შეთანხმება ინვესტორსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. დაველოდებით და დავაკვირდებით მოვლენებს“,-განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივები აჭარაში, მაჭახელას ხეობის მცხოვრებლები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად ხელმოწერები შეაგროვეს და პრემიერ-მინისტრს გაუგზავნეს.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მიერ გაკეთდა განცხადება, რომ არსებული პროტესტის გამო, შესაძლოა, ჰესი აღარ აშენდეს და ჰესის მშენებელ კომპანიასთან ალტერნატიურ ტერიტორიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.