კორუფცია საქართველოში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება - ამის შესახებ აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევის ანგარიშში.
„საქართველოში გავრცელებულია თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი გამორჩენისთვის გამოყენება, ხოლო ხელისუფლება ასეთ შემთხვევებზე სათანადოდ არ რეაგირებს. ამავე დროს, წვრილმანი კორუფციის შემთხვევები კვლავაც უკიდურესად იშვიათია“, - წერია ანგარიშში.
კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 2087 ადამიანი გამოიკითხა, ხოლო ცდომილების ზღვარი +- 2.3 პროცენტის ფარგლებშია.
წვრილმანი კორუფცია
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 1%-ს ჰქონია ბოლო 12 თვის განმავლობაში ისეთი შემთხვევა, როდესაც მათ ან მათი ოჯახის წევრებს სახელმწიფო მომსახურების სანაცვლოდ ქრთამის გადახდა მოსთხოვეს, რაც გასულ წლებში ჩატარებული მსგავსი გამოკითხვების მონაცემების იდენტური შედეგია.
კორუფციის კომპლექსური ფორმები
ამავე დროს, მოქალაქეები ფიქრობენ, რომ საქართველოში გავრცელებულია კორუფციის სხვა გამოვლინებები. გამოკითხულთა 59% ფიქრობს, რომ გავრცელებულია თანამდებობის პირების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება, ხოლო 36% ფიქრობს, რომ გავრცელებულია იგივე ქმედება პირადი მიზნების მისაღწევად. მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ასეთი ქმედებები გავრცელებული არ არის, შესაბამისად 21%-ს და 15%-ს შეადგენს.