კომპანია „ალმას“ დირექტორის, გიორგი ტრაპაიძის განცხადებით, ტაქსების თეთრად გადაღებვა და ავტომანქანაზე თეთრი ფირის გადაკვრა ერთი და იგივე თანხით - 700 ლარით დაფინანსდება.
როგორც გიორგი ტრაპაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სატენდერო პირობებში ცვლილება მხოლოდ ვაუჩერის დასახელებას შეეხო, სხვა პირობები კი უცველი რჩება.
„სატენდერო პირობებში ერთადერთი ცვლილება შევიდა, თუ აქამდე გავცემდით ღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერს, ახლა გავცემთ ღებვა-დასტიკერების და ქიმწმენდის ვაუჩერს. სხვა ყველაფერი - თანხა, პროცედურა, ვადები უცვლელი რჩება. 1 მანქანის გადაღებვა ან დასტიკერება ჩვენი ვაუჩერით 700 ლარი ჯდება. დღეის მდგომარეობით, ღებვა-დასტიკერების 138 ვაუჩერია გაცემული, საიდანაც განაღდებულია 21 ვაუჩერი. ასევე განაღდებულია ქიმწმენდის 22 ვაუჩერი“, - განაცხადა ტრაპაიძემ.
მისივე ინფორმაციით, კომპანია „ალმას“ პირობები ვრცელდება იმ ტაქსის მძღოლებზე, ვინც ლიცენზია 2018 წლის 10 ოქტომბრამდე აიღო. ასეთი კი, მისივე თქმით, 15 ათასი მძღოლია.
რაც შეეხება რეკლამის განთავსების ვადას, ტრაპაიძე ამბობს, რომ ჯერჯერობით ეს ვადაც უცვლელია, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ ცვლილებები მასაც შეეხოს.
„ჯერჯერობით ეს ვადა არის უცვლელი - 2 წელია. ვადის ცვლილებაზე რაიმე ინფორმაცია არ მაქვს, მეც ველოდები. როგორც ღებვის ნაწილში მოხდა ცვლილება, შეიძლება ანალოგიურად მოხდეს კიდევ რაიმე ცვლილება, თუმცა, ამ ეტაპზე აქტიურ ფაზაში მოლაპარაკებები მერიასთან არ გვაქვს“, - განაცხადა ტრაპაიძემ.
ცნობისთვის, თბილისის მერია ტაქსის მძღოლებს სთავაზობს ავტომანქანის გადაღებვის ნაცვლად მანქანებზე თეთრი ფირი გადააკრან. ტაქსის მძღოლებს ავტომანქანებზე თეთრ ფირს უფასოდ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ალმა“ გადაუკრავს. თუმცა, ფირის გადაკვრის შემთხვევაშიც, ისევე როგორც შეღებვისას, მძღოლებს მანქანებზე კომპანია „ალმას“ რეკლამების განთავსება მოუწევთ.