ქართულ ბაზარზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები 100%-ით იმპორტულმა ჩაანაცვლა.
რეგიონებში კარტოფილის, კომბოსტოსა და ხახვის მარაგი საბოლოოდ ამოიწურა, რაც ფასსაც დაეტყო. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ერთი თვის წინანდელთან შედარებით, პროდუქტი ორმაგ ფასში იყიდება. ფერმერების ინფორმაციით, ოჯახში სამყოფი მოსავალიც არ შერჩათ და ისინიც შემოტანილი სურსათის ამარა დარჩნენ, რის მიზეზადაც გლეხები წარმოების სიმცირეს ასახელებენ და ამბობენ, რომ ხალხმა ნათესები შეამცირა.
ამჟამად აგრარულ ბაზრებში 1 კგ კარტოფილი 1,30-1,50 ლარად იყიდება, ხახვის ფასმა 2 ლარს გადააჭარბა, ხოლო კომბოსტო ლამის 3 ლარამდე გაძვირდა. ყვავილოვანი კომბოსტო 5-6 ლარად იყიდება, ხოლო ბროკოლის ფასი თითქმის 8 ლარამდეა.
სპეციალისტები ამ პრობლემას სოფლებში შრომისუნარიანი მოსახლეობის კლებას უკავშირებენ. შესაბამისად, იმპორტული სურსათი ბაზრებში იმაზე ადრე გაჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ადგილობრივი მოსავალი ბაზარს სრულად 4-5 თვეზე მეტს ვერ აკმაყოფილებს.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები ფერმერი მკრტჩ მოვსესიანი ამბობს, რომ სოფლებში თესვა უკვე დაიწყო და ახალი მოსავლის მიღებამდე ქვეყანას იმპორტული პროდუქტის იმედად მოუწევს ყოფნა.
„დღეის მდგომარეობით, ადგილობრივი სურსათი მთლიანად ამოიწურა, ხალხს მოწეული პროდუქტი ოჯახებშიც გამოელია. დაახლოებით 10 დღეა, რაც კარტოფილის თესვა დაიწყო და თვის ბოლომდე დასრულდება. ადგილზეც ძვირად გვიწევს ყიდვა, 1,30 ლარზე ნაკლებად კარტოფილს ვერ იშოვით, ხოლო კომბოსტო 3 ლარი ღირს.
შარშან კარგი მოსავალი იყო, მაგრამ იაფი ღირდა, რის გამოც ხალხმა ნათესი ფართობები შეამცირა, რამაც სერიოზული პრობლემა შექმნა. იანვრიდან მოყოლებული, ბაზარზე მხოლოდ უცხოური კომბოსტო იყიდება. ყველგან მასობრივად იმპორტული პროდუქტია. ასეთი სიტუაცია სოფლებში აქამდე არ ყოფილა, ოჯახებში მაინც ჰქონდათ მომარაგებული, ახლა კი ეს ტრადიციაც მოიშალა", - ამბობს ახალციხელი ფერმერი.
მარაგის დეფიციტის გამო ქართულ სოფლებში ინტენსიურად გამოჩნდნენ გადამყიდველები, რომლებსაც ადგილზე ჩააქვთ სურსათი და ყიდიან. თუკი ადრე ამის საჭიროება მხოლოდ მაღალმთიან რეგიონებში იყო, ახლა ხალხი ბარშიც მასობრივად შემოტანილი პროდუქტით ვაჭრობს.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მკვიდრი ომარ კაჭიური ამბობს, რომ ხალხს ლობიოც კი არ შემორჩა და მთლიანად გადამყიდველებზე არიან დამოკიდებული.
„სურსათით დატვირთული მანქანები დადიან სოფლებში და პროდუქტს ყიდიან. ადრე ასეთი მანქანა კვირაში ერთხელ გამოჩნდებოდა, ახლა ყოველდღიურად მოძრაობენ და ხალხიც მათ მიერ შემოტანილ სურსათზეა გადასული. შესაბამისად, ყველაფერი ძვირი ღირს.
ხალხიც შეეჩვია ასეთ ცხოვრებას. მიწას თითქმის არავინ ამუშავებს, ურჩვენიათ, ნაკლები იშრომონ და თუკი საკვები გამოელევათ, იყიდონ. ისედაც ცოტა ნაკვეთია დამუშავებული, მაგრამ რაც დათესეს, იმასაც ვერ მოუარეს. ზოგს პროდუქტის ყიდვის საშუალებაც არა აქვს და უცხოეთში წასვლაზე უჭირავს თვალი, ჰგონიათ, რომ სხვა ქვეყანაში არ გაუჭირდებათ. ზოგი წავიდა კიდეც, შრომისუნარიანი მოსახლეობაც ცოტაა, ეს ყველაფერი კი მოსავლიანობაზე აისახება და ამიტომ ვართ მძიმე დღეში", - ამბობს „რეზონანსთან" ომარ კაჭიური.
სპეციალისტების განცხადებით, საქართველო ძირითადად თურქული პროდუქციის გასაღების არეალია, რომელსაც მწირი ქართული პროდუქცია კონკურენციას ვერ უწევს აქტიურ სეზონზეც კი. აგრარული სფეროს სპეციალისტი ანზორ მესხიშვილი ქართულ სოფლებში არსებულ გაჭირვებაზე სვამს აქცენტს და ამბობს, რომ ადგილობრივი პროდუქტი ბაზარზე იმპორტულმა საქონელმა 100%-ით ჩაანაცვლა.
„ძალიან რთული პერიოდია. ერთია, რომ ადგილობრივი სურსათი აღარ არის, მაგრამ რაც გვაქვს, იმასაც სიძვირის გამო ხალხი ვერ ყიდულობს. ჩვენ თურქული პროდუქციის გამსაღებელი ქვეყანა ვართ და იმპორტირებული პროდუქციის იმედად უნდა ვიყოთ სეზონზეც, რაც გაუგონარია. როცა კარტოფილის ფასი 1,30 ლარს აჭარბებს და ხახვს 2 ლარზე ნაკლებად ვერ იყიდი, იქ უკვე ძალიან ცუდადაა საქმე.
ცხადია, ლარის კურსმაც განაპირობა ფასების ზრდა, მაგრამ ჩვენი პრობლემა წარმოების დეფიციტშია. სტრატეგიულ დარგებს უნდა მივხედოთ. კარგია, რომ მეღვინეობა ვითარდება, მაგრამ ეს ვერ გვიშველის, თუ სხვა ეროვნული პროდუქტი დახლებიდან გაქრება. დღეს სწორედ ასეთ მდგომარეობაში ვართ.
მესმის, რომ სოფლის მეურნეობას ბოლო წლებში ყურადღება ექცევა, ამას ვერავის დავუკარგავთ, მაგრამ არასაკმარისია. სოფელი დაიცალა, გატყიანდა სახნავი მიწები, ტყე-ბუჩქად იქცა, შრომისუნარიანი მოსახლეობა აღარ გვყავს და ეს არის ყველა უბედურების სათავე", - აღნიშნა „რეზონანსთან" მესხიშვილმა.
ქართული ბოსტნეულის დეფიციტის გამო ქართველი მომხმარებელი იძულებულია, ისეთი პროდუქტით იკვებებოდეს, რომლის წარმომავლობაზე ელემენტარული ინფორმაციაც კი არა აქვს. უცნობია, სადაური პროდუქტი იყიდება, გენმოდიფიცირებულია თუ არა. მყიდველი მხოლოდ მოვაჭრის ზეპირ ნათქვამს ენდობა და ამომწურავ ინფორმაციას ვერც სუპერმარკეტებში იღებს.
ასეთი გაურკვევლობა, სავარაუდოდ, მაისის ბოლომდე გასტანს, სანამ ქართული საადრეო ხილ-ბოსტნეული შემოვა გასაყიდად.
მარი ჩიტაია
გაზეთი „რეზონანსი"