მოესწრება თუ არა ტაქსების გადაღებვა 1-ელ ოქტომბრამდე, კომპანია „ალმა“ პასუხისმგებლობას არ იღებს

ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპის დაწყებამდე, 2019 წლის 1-ელ ოქტომბრამდე, მოესწრება თუ არა ლიცენზირებული ტაქსების გადაღებვა ან დასტიკერება, ამაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ალმა“ პასუხისმგებლობას არ იღებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ალმას“ დირექტორმა გიორგი ტრაპაიძემ განუცხადა.

მისი თქმით, კომპანია „ალმა“ მხოლოდ ღებვა-დასტიკერებისა და ქიმიური წმენდის ვაუჩერების გაცემაზეა პასუხისმგებელი.

„ჩვენ ავტომანქანებს არ ვღებავთ, არც ვასტიკერებთ, მხოლოდ ვაუჩერების გაცემაზე ვართ პასუხისმგებელი. შემდეგ კი, ტაქსის მძღოლი თავად იღებს გადაწყვეტილებას, სად გადაღებოს-დაასტიკეროს და გაწმინდოს ავტომანქანა“, - განმარტა ტრაპაიძემ.

შეგახსენებთ, რომ ტაქსის რეფორმის მეორე ეტაპი 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან იწყება. ამ დროიდან დედაქალაქში მოძრავი ტაქსები თეთრი ფერის, მარცხენასაჭიანი და ხუთკარიანი უნდა იყოს; გავლილი ჰქონდეს ტექდათვალიერება, ასევე ფლობდეს ლიცენზიას. ამ დროისთვის ლიცენზია თბილისში 27 ათას მძღოლს აქვს აღებული. ხოლო დღეის მდგომარეობით, ღებვა-დასტიკერების 138 ვაუჩერია გაცემული, საიდანაც განაღდებულია -21. ასევე განაღდებულია ქიმწმენდის 22 ვაუჩერი.