„შევრონმა“ გამოაცხადა, რომ 33 მილიარდ დოლარად ყიდულობს ნავთობგიგანტ „ანადარკო პეტროლეუმს“. ეს იქნება სანავთობე ბიზნესში უდიდესი გაერთიანება მას შემდეგ, რაც 2016 წელს „როიალ დაჩ შელმა“ BG ჯგუფი შეიძინა. „ანადარკოს“ შესყიდვით, „შევრონი“ ფიქალური ნავთობის და გათხიერებული ბუნებრივი აირის ბიზნესში პოზიციებს გაიმყარებს.
იმ დროს, როდესაც ნავთობის ფასი მუდმივად იზრდება, „შევრონი“ და მისი მეტოქე „ექსონ მობილი“, შეერთებული შტატების პერმაიენის აუზის ასათვისებლად, ინვესტიციებს აორმაგებენ. ცნობილია, რომ პერმაიენის აუზი, ფიქალური ნავთობის უდიდესი მოქმედი საბადოა.
„ანადარკო“ ერთ-ერთი ბოლო დამოუკიდებელი ამერიკული ნავთობკომპანია, რომელიც პერმაიენის აუზის ფარგლებში, დელავერის აუზის 75 მილის სიგანის კორიდორში მოპოვების ლიცენზიას ფლობს და მოზამბიკის (აფრიკა) გათხიერებული ბუნებრივი გაზის პროექტის მთავარი მონაწილეა. „ანადარკოს“ შესყიდვის გარიგების მოცულობაში შედის ის 15 მილიარდი დოლარიც, რომელიც ამ კომპანიას კრედიტორებისა მართებს.
„ეს შესყიდვა ნიშნავს, რომ „შევრონი“ ფსონს ფიქალურ ნავთობზე ჩამოდის და თვლის, რომ ნავთობზე მაღალი ფასები შენარჩუნდება. ეს იმ დროს, როდესაც ენერგეტიკაში განახლებადი წყაროების წილი სულ უფრო იზრდება. ეს რისკიანი სვლაა იმის გათვალისწინებით, რომ „შევრონი“ და „ექსონი“, განახლებადი წყაროების ათვისების სფეროში, თავიანთ ევროპელ კონკურენტებს ჩამორჩებიან“, - ამბობს „CMC მარკეტსის“ ანალიტიკოსი მაიკლ ჰიუსონი.
ნავთობკომპანიები პერმაიენის აუზზე დღიურად 4 მილიონ ბარელ ფიქალურ ნავთობს მოიპოვებენ. „IHS მარკიტი“ ვარაუდობს, რომ ამავე აუზზე 2023 წლისთვის მოპოვება 5.4 მილიონ ბარელს მიაღწევს. შედარებისთვის, ეს იმაზე მეტია, რასაც OPEC-ის ქვეყნები საუდის არაბეთის გამოკლებით მოიპოვებენ.