ქართველების მხრიდან საზღვარგარეთ უძრავი ქონების შეძენაზე მოთხოვნა იზრდება. მატულობს ტრანზაქციების მაჩვენებელიც, კერძოდ, ყოველწლიურად 6-8%-ით. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ Property Abroad-ში განუცხადეს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ზრდა განსაკუთრებით ევროკავშირზე მოდის, რაც ერთის მხრივ, უვიზო მიმოსვლის რეჟიმით არის განპირობებული.
„გარდა ამისა, მოთხოვნის ზრდაზე მოქმედებს სხვადასხვა გარე ბაზრებზე არსებული დამატებითი მიმზიდველი გარემოებები. მაგალითად, პოპულარული ქვეყნების სიაში დამკვიდრდა პოლონეთი, რაც დიდი ალბათობით, უნდა უკავშირდებოდეს იქ გარე (მათ შორის, ქართული) შრომითი ძალისთვის დასაქმების ბაზარზე არსებულ ლიბერალურ მოთხოვნებს. ასევე, მაგალითად, თურქეთი, სადაც ეკონომიკის ვარდნამ და თურქული ლირის მორიგმა გაუფასურებამ უძრავი ქონების ბაზარი გააიაფა“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ Property Abroad-ის მმართველმა პარტნიორმა თათია კობრეშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ყველაზე მზარდი მოთხოვნა ტრადიციულად ფიქსირდება როგორც დასავლეთ (ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი), ასევე აღმოსავლეთ ევროპის (ჩეხეთი, ხორვატია, მონტენეგრო, პოლონეთი) ქვეყნებზე, ასევე ტრადიციულად პოპულარულ საკურორტო მიმართულებებზე (თურქეთი, საბერძნეთი, ტაილანდი, არაბთა გაერთიანებული საემიროები) და, როგორც ყოველთვის, აშშ-ზე.
„ამავე დროს, საგულისხმოა, რომ ინტერესების გეოგრაფია ზოგადად ქვეყნების შიგნითაც იცვლება. ნებისმიერ ჩამოთვლილ ქვეყანაში ამჟამად უფრო მეტი დასახლებული პუნქტით და იქ ქონების შეძენის პერსპექტივით ინტერესდებიან, ვიდრე ადრე.
თუმცა, თეორიულად გაცხადებული და რეალურად გამოჩენილი ინტერესი, როგორც წესი, ხშირად განსხვავდება - ინტერესდება ბევრად მეტი, ვიდრე რეალურად ყიდულობს. ამაზე მოქმედებს, ბუნებრივია, როგორც შესაძენი ობიექტების ფასი, ასევე შეძენის პროცედურების თავისებურებებიც. თუმცა, ამის მიუხედავად, წლიდან წლამდე საზღვარგარეთ უძრავი ქონების შეძენის რეალურ მსურველთა რიცხვი მაინც მატულობს“, - აცხადებს კობრიშვილი.
თათია კობრიშვილის თქმით, მეზობელი ქვეყნებიდან კვლავ პოპულარულია თურქეთი (განსაკუთრებით, საკუროროტო ზონები). სხვა მიმართულებებით ინტერესი ნაკლებად შეინიშნება.
„დრო და დრო ჩნდება ინტერესი უკრაინის მიმართ, სადაც უძრავი ქონება დღეს გაიაფებულია. მუდმივად მოთხოვნადია ამერიკის ბაზარი, სადაც უძრავი ქონების კონკრეტული შეთავაზებები საინვესტიციო ვიზის მიღების და ბინადრობის უფლების მოპოვებას უკავშირდება. ასევე, ევროპის ის ქვეყნები, სადაც უძრავი ქონების შეძენა დაკავშირებულია ბინადრობის პრობლემის გადაჭრასთან (მალტა, კვიპროსი...).
Property Abroad- ში აცხადებენ, რომ საზღვარგარეთ უძრავი ქონების შეძენის მსურველები, როგორც წესი, დიდ ყურადღებას უთმობენ ორ გარემოებას: 1) რამდენად ექნებათ შანსი, ქონების შეძენისას დაიხმარონ იმ ქვეყნის საბანკო ინსტიტუტის იპოთეკური სესხი და 2) როგორი იქნება მათთვის საინტერესო უძრავი ქონების გაქირავების პერსპექტივა, რათა ჰქონდეს სტაბილური შემოსავალი, რომელიც ხშირად სესხის დაფარვის წყაროა.
კომპანია Property Abroad ქართულ ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს და ის მომხმარებელს საზღვარგარეთ უძრავი ქონების ყიდვის პროცედურებთან დაკავშირებით ყველა სახის კონსულტაციას და დახმარებას უწევს (სასურველი უძრავი ქონების მოძებნა, შეძენა, რეგისტრაცია, იურიდიული და სხვა აუცილებელი პროცედურული თანხლება).