DW: გახდება თუ არა გერმანია სამედიცინო კანაფის უმსხვილესი ბაზარი მსოფლიოში

გერმანიაში უკვე ორი წელია რაც დაშვებულია სამედიცინო კანაფის გამოყენება. მაგრამ იმის გამო, რომ მისი ადგილობრივად მოყვანა ჯერ კიდევ არ დაწყებულა, ქვეყანა აღნიშნულ მცენარეს უცხოეთში ყიდულობს. თუმცა, როგორც DW წერს, ეს პრაქტიკა შესაძლებელია მალე შეიცვალოს.

ევროპაში კანაფის უმსხვილესი ინვესტორის, ჰემპის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, გეორგ ვურტის განცხადებით, საკმაოდ არალოგიკურია ის ფაქტი, რომ ევროპის მასშტაბით უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში ამდენ ხანს არ დაწყებულა კანაფის წარმოება.

უკვე ორი წელია გერმანიაში ნებადართულია კანაფის სამედიცინო მიზნებისთვის მოყვანა. თუმცა სათანადო მწარმოებლების შერჩევის პროცესი არც თუ ისე უმტკივნეულოდ წარიმართა. დაშვებული პროცედურული შეცდომების შემდეგ, საჭირო გახდა ტენდერის თავიდან გამოცხადება. მედიკამენტებისა და სამედიცინო ინვენტარის ფედერალური ინსტიტუტის განცხადებით, რამდენიმე თვეში გარკვეული იქნება თუ რომელი საწარმოები მიიღებენ სახელმწიფოში კანაფის წარმოების ლიცენზიას.

ფრანკფურტში მოღვაწე მეწარმე ნიკლას კუპერანისის აზრით, ეს არარეალური ვადაა. „მომდევნო ორი წლის განმავლობაში ამ საკითხში რეალურ პროგრესს ვერ ვხედავ’’ - განაცხადა მან.

რამდენიმე ინვესტორთან ერთად კუპერანისმა დააფუძნა ფირმა „Farmako“, რომელიც, მისივე თქმით, კანაფის კვლევით იქნება დაკავებული, ხოლო ამ პროექტის დაფინანსების წყარო იქნება კანაფის იმპორტითა და რეალიზაციით მოპოვებული თანხები.

სამედიცინო კანაფი ჩრდილოეთ მაკედონიიდან

„Farmako“ მიზნად ისახავს ჩრდილოეთ მაკედონიაში სამკურნალო კანაფის ფართომაშტაბიან წარმოებას და გერმანიასა და სხვა ქვეყნებში მის იმპორტირებას, პოლონეთის გავლით. მას შემდეგ, რაც კანაფის შეძენა გერმანიაში დასაშვები გახდა ექიმის დანიშნულებით, კანადის კომპანიებმა სწრაფად დაიპყრეს აღნიშნული ბაზარი. კანადაში, კანაფის მწარმოებელი, ფინანსურად ძლიერი მთელი რიგი ფირმები დაეპატრონენ გერმანიაში ახლადშექმნილ ფირმებს, რომლებიც ამ მiმართულებით გეგმავდა მუშაობას.

მიუხედავად იმისა, რომ კანადა კანაფის ექსპორტის თვალსაზრისით წამყვან ქვეყანას წარმოადგენდა, „მათ ვერ შეძლეს ევროპის ყველა რეგიონში, და მათ შორის გერმანიაში ფეხის მოკიდება,’’ - განაცხადა კუპერანისმა.

ამასვე ადასტურებს გეორგ ვურტი: „ამ მომენტისთვის კანადიდან პრაქტიკულად არაფერი შემოდის, რადგან კანადაში არსებული კომპანიები თავიანთ ბაზარზე მოღვაწეობით არიან დაკავებული“ - განაცხადა მან.

ეს იმით არის განპირობებული, რომ გასული წლის შუა პერიოდიდან მოყოლებული, კანადელებს კანაფის სამედიცინო მიზნებისათვის მოხმარების გარდა მისი რეკრეაციული მიზნებისთვის მოხმარების საშუალება მიეცათ, რამაც კანაფზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია.

მომავალზე დადებული ფსონი

კუპერანისის განცხადებით, ევროპას ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი გააჩნია: „ეს ჩვენთვის მხოლოდ დასაწყისია“ - აცხადებს იგი. მრეწველობასთან ასოცირებული კვლევითი ინსტიტუტის „Prohibition Partners“ თანახმად, გერმანიაში სამედიცინო კანაფის ბაზრის მოცულობა 2028 წლისთვის დაახლოებით 7.7 მილიარდ ევროს (8.6 მილიარდ აშშ დოლარს) გადააჭარბებს, ხოლო ევროპის მასშტაბით აღნიშნული ბაზრის მოცულობა 58 მილიარდ ევროს მიაღწევს.

გერმანიაში, ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის პროვაიდერების მიერ გამოქვეყნებულ გასული წლის ანგარიშში საუბარია კანაფის შემცველი პროდუქტებიდან წლიური შემოსავლის სახით მიღებულ 70 მილიონ ევროზე. ეს გაცილებით ნაკლებია, გერმანიაში, სტანდარტული ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტებიდან კომპანიების მიერ მიღებულ შემოსავალზე, რომელმაც 2017 წელს 600 მილიონი ევრო შეადგინა. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ გერმანიაში კანაფის ბაზრის ზრდა ისეთივე სწრაფი ტემპით წარიმართება, როგორც ეს სხვა ქვეყნებში ხდება, არსებულზე გაცილებით მასშტაბურ შემოსავლებს უნდა ველოდოთ.

2001 წელს, კანადაში, სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის მოხმარების ლეგალიზაცია გახორციელდა, მაშინ როცა სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის მოხმარება ისრაელში ჯერ კიდევ 1995 წელს იყო ლეგალიზებული; ამ ქვეყნებში მოსახლეობის დაახლოებით 1 პროცენტი მოიხმარს კანაფს სამედიცინო მიზნებისთვის. გერმანიის მოსახლეობის 1 პროცენტი დაახლოებით 8000 000 ადამიანს შეადგენს. გერმანიაში არ არსებობს პაციენტთა რაოდენობის აღმრიცხავი ცენტრალური სისტემა, თუმცა, 2018 წლის შეფასებით, ამჟამად ქვეყანაში, სამედიცონო მიზნებისათვის კანაფის მომხმარებელი 30,000-70,000 პაციენტია.

როდის დარეგულირდება ფასები

Farmako-ს ხელმძღვანელი - ნიკლას კუპერანისი მომავალი ოთხი წლის განმავლობაში გერმანიის ბაზარზე 50 ტონა კანაფის შემოტანას გეგმავს. 2018 წელს, გერმანიის მასშტაბით, აფთიაქებში მხოლოდ 3,13 ათასი ტონა კანაფის ყვავილის მარაგი შეიტანეს. მედიკამენტებისა და სამედიცინო ინვენტარის ფედერალური ინსტიტუტის მიერ გაკეთებული პროგნოზის თანახმად, 4 წლის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე 10 ტონამდე კანაფის მოყვანა იქნება შესაძლებელი.

პაციენტებისთვის, რომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა არ ითვალისწინებს კანაფის გამოყენებით წარმოებული თერაპიის ხარჯების ანაზღაურებას, Farmako-ს საქმიანობა შეიძლება ხელსაყრელი აღმოჩნდეს. ამჟამად, ერთი გრამი კანაფი აფთიაქებში 26 ევრომდე ღირს. „ჩვენ შევძლებთ ერთი გრამი კანაფი ძალიან დაბალ ფასად - 16 ევროდ გავყიდოთ ", - განაცხადა კუპერანისმა.

Made in EU

Farmako-ს გეგმის წარმატება, რომელიც კანაფის იმპორტს გულისხმობს, მთლიანად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როდის დაიწყება გერმანიაში კანაფის მოყვანა, სახელმწიფოს კონტროლის პირობებში. გეორგ ვურტი დარწმუნებულია, რომ კანაფის მწარმოებელთა პირველი ჯგუფი რამდენიმე თვეში შეუდგება საქმიანობას. "პროცესი უფრო სწრაფად რომ წარმართულიყო, გერმანია შეიძლება უკვე კანაფის ბიზნესში წამყვანი ქვეყანა ყოფილიყო", - განაცხადა მან, და დასძინა, რომ გერმანიაში ამ პროცესის შეფერხებამ ხელი შეუწყო კანაფის ბიზნესის აყვავებას ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა პორტუგალია, საბერძნეთი და ჩრდილოეთ მაკედონია.

კუპერანისს მიაჩნია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, გერმანიას კანაფის მომყვან ქვეყნად ქცევის ნაკლები პერსპექტივა აქვს, მუშახელის მაღალი ხარჯების გამო. მან ტენდერშიც კი არ მიიღო მონაწილეობა. „იმიტომ, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით არამომგებიანად მივიჩნიე“ - განაცხადა მან და დასძინა, „მას შემდეგაც რაც გერმანია კანაფის მოყვანას დაიწყებს, სხვა ქვეყნებიდან დიდი რაოდენობით კანაფის იმპორტის საჭიროება კვლავაც შენარჩუნდება“.

მოამზადეს: მარიამ შავლიაშვილმა, მეგი სუხაშვილმა