10-ზე მეტმა კომპანიამ მოგვმართა, რომელიც მიიჩნევს, რომ თბილისის ახალი გენგეგმით განსაზღვრული ზონირების გამო პრობლემები შეექმნა, - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ბიზნესომბუდსმენის აპარატის პირველი კვარტლის საქმიანობის წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, პირველ კვარტალში კრიტიკულ საკითხებს შორისაა თბილისის ახალი გენერალური გეგმით განსაზღვრული ზონირების ფარგლებში მიწის მესაკუთრეების უფლებების შეზღუდვის შემთხვევები და გამოსავლად მიწის მესაკუთრეებისთვის ალტერნატიული ფართის შეთავაზებას ასახელებს.
„მიგვაჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიწის მესაკუთრეებისათვის განხილული და შეთავაზებული უნდა იქნას პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა ალტერნატივა, მათ შორის მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის გამოყენებით, რათა არ შეილახოს მათი სამეწარმეო ინტერესები და შეუფერხებლად მოახერხონ ბიზნეს საქმიანობის გაგრძელება. ჩვენ კონკრეტულ მონაცემებს შევაგროვებთ და გავუგზავნით მერიას და საკრებულოს", - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.