თბილისში კომერციულ ფართებზე მოთხოვნის ზრდის მიუხედავად, ფართების გაქირავების ფასები 15-20 პროცენტით შემცირდა.
ამის შესახებ „ბიზნესპრენიუსს“ „საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის“ მმართველი საბჭოს წევრმა ვაჟა მებაღიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, დღეს გამქირავებელი უკვე ცდილობს, რომ „სტაბილური კლიენტი“ იშოვოს და ფართი გრძელვადიან პერიოდზე გააქირავოს.
დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში მდებარე თითქმის ყველა კორპუსის პირველ სართულზე გახსნილია მაღაზია, აფთიაქი, საცხობი და სხვა სახის სავაჭრო ობიექტი, რომელიც დატვირთულ რეჟიმში მუშაობს. „ბიზნესპრენიუსი“ დაინტერესდა, როგორია თბილისში კომერციული ფართის გაქირავების ფასი.
როგორც უძრავი ქონების სააგენტო პორტალ SS.ge-დან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ვგებულობთ, თბილისში კომერციული ფართის გაქირავების საშუალო ფასი ყველაზე მაღალი ძველ თბილისშია, სადაც 1 კვადრატული 16-17 დოლარი ღირს. რაც შეეხება სხვა ცენტრალურ ადგილებს, რუსთაველი-თავისუფლებაზე კომერციული ფართის გაქირავების ფასი საშუალოდ 15-16 დოლარში მერყეობს. აღმაშენებლის გამზირზე 1 კვ/მეტრის გაქირავების ფასი - საშუალო 12-13 დოლარია, ჭავჭავაძის გამზირზე - საშუალოდ 11-12 დოლარი. პეკინზე კი 1 კვადრატული კომერციული ფართის გაქირავების ფასი საშუალოდ 10-11 დოლარია.
როგორც პორტალ SS.ge-ს რედაქტორი ლელა არაბული „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, კომერციული ფართის ფასი მის მდგომარეობაზე და ადგილმდებარეობაზეა დამოკიდებული.
„კომერციული ფართის გაქირავების შემთხვევაში ფასი დამოკიდებულია, თუ სად მდებარეობს, ხშირად სარდაფებიც ქირავდება და რა თქმა უნდა, მისი ფასი შედარებით დაბალია. ასევეა ბინებიც, რომელიც ოფისებად აქირავებენ. მაგალითად, პეკინზე 1 კვადრატულის ფასი 5 დოლარიდან იწყება 65 დოლარამდეც ადის. რუსთაველი-თავისუფლებაზე კი მაქსიმალურად ფასი 140 დოლარიც არის, აღმაშენებელზე კი მაქსიმალური ფასი 40 დოლარია. “ - განაცხადა არაბულმა.
როგორც „საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის“ მმართველი საბჭოს წევრი და უძრავი ქონების კომპანია „ნოუბლ რიალ ისთეითის“ დირექტორი ვაჟა მებაღიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, დედაქალაქში კომერციულ ფართებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია.
„ამ კუთხით აქტიურად ვარ დაკავებული, ამ საკითხში მსხვილ კომპანიებს ვეხმარები და მინდა აღვნიშნო, რომ მოთხოვნა ძალიან მაღალია, როგორც ცენტრალურ ასევე პერიფერიებში. ზოგადად კარგი ფასის კომერციული ფართები უკვე ლიმიტირებულია, რადგან რაც არის, უკვე გაქირავებულია, ამიტომაც პოვნა ჭირს. იგივე მეტროსთან ძალიან რთულია იპოვო კომერციული ფართი კარგი ფასით. ასევე ძალიან მოთხოვნადია აბაშიძის ქუჩა, რომელიც მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.
ზოგადად უფრო მეტად მოთხონადია დიდვიტრაჟიანი კომერციულ ფართები, 80-250 კვ.მ ფართობის. მაღალ ფასს ინარჩუნებს კოტე აფხაზის ქუჩა“, - განაცხადა მებაღიშვილმა.
მისი თქმით, კომერციული ფართის გაქირავების ფასი გასულ წელთან შედარებით 15-20%-ით შემცირდა.
„ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ფასი შემცირდა. როგორც წესი, ფასს თავად ბაზარი განსაზღვრავს.
მსხვილი კომპანიები, რომლებიც ბაზარზე დიდი ხანი არიან წარმოდგენილი, ისინი ითხოვენ დაბალ ფასს. ისინი ცდილობენ აირჩიონ სტაბილური კონტრაქტორი, და პირობითად 5-10 წლით იქირაონ. ადამიანს თუ აქვს უნარი, რომ რაღაც გათვლები აკეთოს, ყოველთვის ირჩევს ისეთ კლიენტს, რომელიც შესაძლოა, შედარებით ნაკლებ ფასად ქირაობს, თუმცა გრძელვადიანი პერიოდით, ვიდრე მოკლე ვადით და ძვირად გააქირაოს. ამიტომაც დიდ კომპანიებმა ფასის კარნახი დაიწყეს.
აქამდე იყო ასე: ხსნიდნენ ბიზნესს ისე, რომ ბიზნესგეგმა არ ჰქონდათ. არასწორი მენეჯმენტიდან გამომდინარე კი ბიზნესის დაკეტვა უწევდათ. ამიტომ მსხვილმა კომპანიებმა ფასის კარნახი დაიწყეს, მათ იციან ესა თუ ის ლოკაცია რას მოუტანს და შესაბამისად, ფართის იჯარის აღების შემთხვევაში უფრო სტრატეგიული მიდგომა აქვთ.
სტაბილურობა განსაზღვრავს იმას, რომ ფასი ადეკვატურია და შესაბამისად მოგება ისე გადანაწილდება, რომ საშუალებას იძლევა ესა თუ ის ბრენდი ბაზარზე დიდხანს იყოს წარმოდგენილი.
რაც შეეხება აღმაშენებელის გამზირს, ძირითადად თურქულ და აღმოსავლური ქვეყნის წარმომადგენლებს აქვს დაქირავებული. ზოგიერთი კომპანია საქართველოს ბაზარზე უკვე დიდი ხანია არის წარმოდგენილი და სტაბილურობას ინარჩუნებენ. ისინი საკმაოდ კარგი მოიჯარეები არიან. უცხოელების მხრიდან მოთხოვნა ნამდვილად არის, ჩვენი ქვეყანა მათთვის ეკონომიკურად ძალიან საინტერესო ქვეყანაა, ამიტომ ყველა ცდილობს, რომ ქართულ ბაზარზე შემოვიდეს. თუმცა ბიზნესის წარმატება მათ ალღოზეა დამოკიდებული და ასევე რამდენად კარგ ფასიან პროდუქტს შესთავაზებენ ქართველს მომხმარებელს,“ - განაცხადა მებაღიშვილმა.