არადეკლარირებული ძვირფასი ლითონების შემოტანის მცდელობა გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა სხვადასხვა საბაჟო გამშვებ პუნქტზე ძვირფასი ლითონების დეკლარირების გარეშე შემოტანის რამდენიმე მცდელობა გამოავლინეს.

კერძოდ, სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სგპ "ვალეს" ტერიტორიაზე შემოსულ თურქეთის მოქალაქე დ.ფ.-ს დათვალიერების შედეგად აღმოაჩნდა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, საერთო წონით 83.99 გრამი. საქონლის ღირებულებამ 5711,05 ლარი შეადგინა. ამ დარღვევის გამო, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, პირს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა - 5711,05 ლარი.

ანალოგიური შემთხვევა მოხდა სგპ "სადასახლო საავტომობილოს" ტერიტორიაზე, სადაც სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა სომხეთის მოქალაქე ხ. გ., რომლის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, ოქროს ნაკეთობები: 3 სამეული, 5 ცალი ბეჭედი, 1 ცალი სამაჯური, 11 ცალი ჯვარი, 2 ცალი ყელსაბამი და 1 ცალი სამაჯურის პატარა ნაწილი, საერთო წონით - 104,69 გრ. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4498,47 ლარი შეადგინა.

აღნიშნულ პირს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის სახით 4498,47 ლარის გადახდა შეეფარდა.