პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი პრემიერ-მინისტრს მიმართავს და მოითხოვს მისგან, შეასრულოს პირობა და ონლაინ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტს წარუდგინოს.
როგორც დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული კანონპროექტი 1 წელია შემუშავებულია და პირობა იყო, რომ ის გასული წლის ოქტომბერში უნდა შესულიყო პარლამენტში განსახილველად.
„გუშინ კიდევ ერთხელ გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც ეხება ახალგაზრდების ლუდომანიას და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას. ჩვენ გვაქვს საგანგაშო სტატისტიკა, როგორც არასრულწლოვნებში, ასევე სრულწლოვნებში. იმის გარდა, რომ ყოველ მეორე 14-18 წლამდე ახალგაზრდას აქვს შეხება ონლაინ აზარტულ თამაშებთან, მოთამაშეების საერთო ციფრი არის ნახევარ მილიონ ადამიანზე მეტი. სამწუხაროდ, მოხდა კანონპროექტის ჩაგდება, რომელიც იყო საკანონმდებლო პაკეტის ნაწილი და მთავრობის მეთაურის პირობა იყო, რომ ოქტომბერში შემოვიდოდა საქართველოს პარლამენტში, სამწუხაროდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ ასრულებს დღემდე სიტყვას. მინდა მივმართო მამუკა ბახტაძეს, მე მას პატივს ვცემ და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მან სცეს საკუთარ სიტყვებს პატივი და წარმოადგინოს კანონპროექტი, რომელიც 1 წლის განმავლობაში არის დამუშავებული და რომელიც ფაქტობრივად, უზრუნველყოფს, რომ 100%-ით იყოს უზრუნველყოფილი და არასრულწლოვნები დავიცვათ ონლაინ თამაშებისგან , 2 წლის განმავლობაში გავანახევროთ ადამიანების დამოკიდებულება აღნიშნული სერვისების მოხმარებისგან, გავზარდოთ გადასახადები, რომელიც დაახლოებით, 200 მილიონით გაზრდის საქართველოს ბიუჯეტს, შემოვიტანოთ შავი სიები და ა.შ“,- განაცხადა დეპუტატმა.
ლევან გოგიჩაიშვილის შეფასებით, ქვეყანაში ონლაინ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით საგანგაშო სტატისტიკაა და ის ჩარჩოებში უნდა მოექცეს.
„მოვაქციოთ ეს თავზეხელაღებული ბიზნესი ჩარჩოებში, რომ ჩვენი მოსახლეობა, ახალგაზრდები, არასრულწოვნები დავიცვათ ამ მავნე ზეგავლენისგან. გვაქვს ძალიან შემაშფოთებელი სტატისტიკა. ასევე, იცით, რომ იმ 600 ათას ადამიანში, რომელზეც ვალის ჩამოწერა მოხდა, უხეში დათვლით დაახლოებით 40% იყო იმ ადამიანების წილი, რომლებსაც სესხები ჰქონდათ აღებული ონლაინკაზინოების გამო. კანონპროექტი არის გამზადებული, შეთანხმებული, არსებობდა პრემიერის სიტყვა, რომ ეს კანონპროექტი შემოვიდოდა“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
ცნობისთვის „აზარტული თამაშებისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“, კვლევის მიხედვით, სკოლის მოსწავლეების 48%-ს აზარტულ თამაშებთან შეხება აქვს.