გასული წლის 10 დეკემბრიდან მაღაზიებში პურის ფასმა, დაახლოებით, 5-10 თეთრით მოიმატა. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია HUB-GEORGIA–ს მომზადებულ კვლევაშია ნათქვამი.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მთავრობის სხდომის დაწყების წინ პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს შეიძლება, დაკავშირებული იყოს არასამართლიან კონკურენციასთან.
"მინდა შესაბამის ორგანოებს მივმართო, რომ უმოკლეს ვადებში შეისწავლონ ეს სიტუაცია და მოამზადონ ანგარიში, თუ რასთან გვაქვს საქმე. საქართველო არის საბაზრო ეკონომიკა, ჩვენ ვართ ღია ეკონომიკა, მაგრამ არასამართლიანი კონკურენციის კეთების საშუალებას ვერავის მივცემთ", — აღნიშნა მაშინ მამუკა ბახტაძემ.
"პრემიერ მამუკა ბახტაძის განცხადებას 2018 წლის 10 დეკემბერს უპასუხა ,,კონკურენციის სააგენტომ’’ და საზოგადოებას დაპირდა, რომ აღნიშნული საკითხის შესწავლიდა და გაუწევდა მონიტორინგს რაც მომავალში უზრუნველყოფდა ფასის შენარჩუნებას ხორბალზე და პურპროდუქტებზე. თუმცა კონკურენციის შესახებ კანონის 25 მუხლი ადგენს ამ უწყების საქმის მოკვლევის წესს, სადაც 1 პუნქტში ვკითხულობთ, რომ საქმის შესახებ გადაწყვეტილებას სააგენტო იღებს არაუგვიანეს 3 თვისა. ჩვენ დავინტერესდით ოთხი თვის გასვლის შემდეგ თუ ქონდა რაიმე გადაწყვეტილება სააგენტოს მიღებული.
სააგენტომ წერილობით გვიპასუხა, რომ ისინი აგრძელებენ მოცულობითი ინფორმაციის მოძიებას და დამუშავებას. ანუ დადასტურდა, რომ არც უმოკლეს ვადებში და არც კონკურენციის კანონის შესაბამისად არ განხორციელდა საკითხის შესწავლა. ამიტომ მნიშვნელოვანია საკანონმდებლო დონეზე მოხდეს ზემოთაღნიშნული პრობლემების შესწავლა და გონივრული ვადებში ეფექტური გადაწყვეტილების მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენარჩუნდება ხორბალზე და პურპროდუქტებზე ფასის ზრდის ტენდეცია, რაც ქვეყანას სასურსათო უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის",- ნათქვამია კვლევაში.
რაც შეეხება ხორბლის და პურპროდუქტების ფასს საქართველოში, მიზეზები თუ რატომ ძვირდება ხორბალი და რა გველოდება მომავალში, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ხორბლის ფასს განსაზღვრავს რამდენიმე ინდიკატორი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კი ტვირთის ტრანსპორტირება და ლოგისტიკაა.
"პრობლემას წარმოადგენს ხორბლის იმპორტის დროს გადაზიდვა და ადგილზე შექმნილი მარაგები. კერძოდ, 2012 წლამდე საქართველოში ხორბლის იმპორტი რუსეთთან ერთად უკრაინიდან და ყაზახეთიდან ხდებოდა - პროდუქტი დივერსიფიცირებული იყო. ხოლო ქვეყანაში რამდენიმე ლოკაციაზე გადანაწილებული იყო 3 თვის მოხმარების მარაგი.
2014 წლამდე საქართველოში და სომხეთში ხორბალის გადაზიდვა მიმდინარეობდა საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტით. თუმცა ამავე წელს იწყება ყაზბეგი-ლარსის გავლით საავტომობილო ნაკადებით ხორბლის შემოტანა, რომელმაც ადგილობრივ ბაზარს იაფი და ხარისხობრივად გაუგებარი ხორბალი შესთავაზა. თავიდან ლიცენზირებულმა კომბინატებმა არ მიიღეს ზემოთხსენებული რუსული ხორბალი, რამაც საქართველოში ე.წ. ლევი (მცირე სიმძლავრის) კომბინატების გაჩენა გამოიწვია, საიდანაც ბაზარზე გაჩნდა იაფი ფქვილი.
ხორბლის მარაგების არქონის პირობებში მსოფლიო ფასის ნებისმიერი ცვლილება პირდაპირპროპორციულად აისახება ქვეყანაში პურპროდუქტების ფასზე. ვინაიდან ფასის მდგენელი ადგილზე ხორბლის მარაგი, ტრანსპორტირების პროცესში არსებული პროდუქტი და მომწოდებელთან გაფორმებული კონტრაქტია",- ნათქვამია კვლევაში.