"გასულ წელს გაზის აფეთქებისა და მხუთავი აირისაგან მოწამლვის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც შესაბამისი რეგულაციების და მაკონტროლებელი ორგანოს არარსებობით აიხსნება"

გასულ წელს გაზის აფეთქებისა და მხუთავი აირისაგან მოწამლვის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც შესაბამისი რეგულაციებისა და მაკონტროლებელი ორგანოს არარსებობით აიხსნება, - ამის შესახებ ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 2018 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბუნებრივი გაზის სექტორში ბოლო წლებში საკმაოდ რთული მდგომარეობა შეიქმნა მოსახლეობის უსაფრთხოების თვალსაზრისით.

„2018 წელს საქართველოს რიგ ქალაქებში დაფიქსირდა ბუნებრივი გაზის აფეთქების არაერთი შემთხვევა, ასევე, დაფიქსირდა მხუთავი აირისგან მოწამლვის და გარდაცვალების შემთხვევები. რაც გამოწვეულია შესაბამისი რეგულაციებისა და მაკონტროლებელი ორგანოების არარსებობით. გაზთან დაკავშირებით აქტუალური იყო აღრიცხვიანობის დარღვევა, შეუსაბამოდ მაღალი გადასახადები გორისა და თელავის მუნიციპალიტეტების მოსახლეობის მაგალითზე, გაზიფიცირების მიღმა დარჩენილი სოფლები, ბუნებრივი გაზის ხარისხი, ახალი მომხმარებლების გაზის ქსელზე მიერთების საკითხი,"-განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.