"მწვავე პრობლემად რჩება წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლება"

მოქალაქეთა საჩივრების რაოდენობის მიხედვით წყალმომარაგების სექტორი კვლავ ლიდერ პოზიციაზეა, - ამის შესახებ ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 2018 წლის ანგარიშის წარადგენისას განაცხადა.

მისი თქმით, წყალმომარაგებასთან დაკავშირებული განცხადებების რიცხვი გაიზარდა რეგიონებში, რომელიც უკავშირდება „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მომხმარებელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე ასახულ დავალიანებებს, რომელთა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადები უკვე გასულია სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად.

ამასთან, როგორც ენერგოომბუდსმენმა აღნიშნა, მწვავე პრობლემად რჩება წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლება, როგორც დედაქალაქში, ასევე, საქართველოს სხვა ქალაქებსა და სოფლებში, რაც გავლენას ახდენს მომსახურების ხარისხზე.

„გასული წლის განმავლობაში ენერგოომბუდსმენის აპარატში დაფიქსირდა ასობით განცხადება, რომელიც ეხებოდა მომსახურების სისტემატურ შეზღუდვას, აღდგენითი სამუშაოების გართულებას და გაჭიანურებას, სასმელი წყლის დაბალი წნევით მიწოდების შემთხვევებს და ა.შ.

საჩივრები შეეხებოდა, აგრეთვე წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე მიერთების ვადების დარღვევას, წყალარინების ქსელზე მისაერთებელი მილის დიამეტრის არასწორად განსაზღვრას, რაც მატერიალურ ზიანს აყენებდა მომხმარებლებს,"-განაცხადა ვარდიაშვილმა.

ენერგოომბუდსმენი განმარტავს, რომ დედაქალაქში პრობლემად იქცა მოხმარებული სასმელი წყლისთვის სულადობის მიხედვით ანგარიშსწორება, ვინაიდან დაფიქსირდა ძალიან ბევრი საჩივარი, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ კონკრეტულ მისამართს მოქალაქეები მხოლოდ რეგისტრაციისთვის იყენებენ და ფაქტობრივად იქ არ ცხოვრობენ, მიუხედავად ამისა, სასმელი წყლის მოხმარებისთვის გადასახადი მაინც ეკისრებათ.

სალომე ვარდიაშვილის ანგარიშში ასევე მოხვდა 2018 წლის მეორე ნახევრიდან შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა“ და საცხოვრებელი ფართების გამქირავებელთა შორის არსებული დავები ტარიფის განსაზღვრასთან დაკავშირებით, სადაც აქტიურად არის ჩართული ენერგოომბუდსმენი მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალური დაცვის მიზნით.