„ზამთარში ჩვენ შეიძლება, მივიღოთ პურ-პროდუქტების გაორმაგებული ფასი“ ,- ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ "კროსლაინ ლოჯისტიკის" დირექტორმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისი თქმით, იმის გამო, რომ ქვეყანაში მარაგები არ არსებობს, როგორც კი ამოიწურება გვერდით ხორბალი, ხორბლის დეფიციტი შეიქმნება, ინფლაციისა და ქვეყანაში მიმდინარე სოციალური პრობლემების გათვალისწინებით კი, პურის ფასი გაორმაგდება, რაც ისევ სოციალურად გაღარიბებულ მდგომარეობას დააწვება.
„მსოფლიოში ხორბლის ის რაოდენობა, რაც წინა წელს იყო, ვერ იქნება მიღებული. ანუ, ხორბლის მიღების გეგმა არის შემცირებული, შესაბამისად, ფასი მოიმატებს. რეალურად ფასის სტაბილურობას ქმნიან მსხვილი ტრეიდერები, რომლებიც ქვეყანაში ქმნიან პურის მარაგებს. FAO-ს რეკომენდაციაა, რომ ქვეყანაში უნდა იყოს ხორბლის მოხმარების 3 თვის მარაგი.
რატომ გაგვიძვირდა პურ-პროდუქტები დეკემბერში? იმიტომ, რომ ქვეყანაში აღარ არის მარაგები. ტრეიდერები, რომლებიც ხორბლის იმპორტს საზღვაო და სარკინიგზო არხებით ახორციელებდნენ, შეეშვნენ ამ საქმეს, ან გადავიდნენ მარტივ გზაზე. ეს კი გულისხმობს იმას, რომ ერთ მანქანას გადააქვს 23 ტონა ხორბალი და კოლონებად მოდის ვიწრო გზაზე, რომელიც არის სამხედრო დანიშნულების და არა სატვირთო გაადაზიდვებისთვის გამტარი. ფაქტობრივად, ჩვენი სასურსათო უსაფრთხოება ამ გზაზე გახდა დამოკიდებლი. ეს არის მოსახლეობისთვის და ქვეყნისთვის ძალიან სახფათო თემა და ზამთარში ჩვენ შეიძლება, მივიღოთ პურ-პროდუქტების გაორმაგებული ფასი. იმის გამო, რომ ქვეყანაში მარაგები არ არსებობს, როგორც კი ამოიწურება გვერდით ხორბალი, დეფიციტი შეიქმნება ხორბლის, შესაბამისად, ინფლაციისა და ქვეყანაში მიმდინარე სოციალური პრობლემების გათვალისწინებით, გაორმაგდება ფასი, რაც ისევ სოციალურად გაღარიბებულ მდგომარეობას დააწვება.
თუ დღეს ხელისუფლებამ კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგა, არ მოგვისმია, არ გაიაზრა იგივე რუსული საფრთხე, ასევე ბაზრის სპეციფიკა, ხორბლის ლოგისტიკაში შექმნილი პრობლემები, ჩვენ მივიღებთ ამ კატასტროფას და დავბუნდებით 90-ან წლებში“,- განაცხადა ლაშა ფარულავამ.