შსს მოპედების რეგისტრაციას და მათი მართვის გარკვეულ რეგულაციებში მოქცევას გეგმავს

შსს მოპედების რეგისტრაციას და მათი მართვის გარკვეულ რეგულაციებში მოქცევას გეგმავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ განუცხადა, პირველ რიგში მოხდება მოპედების აღრიცხვა, რის შემდეგაც შესაძლოა, ისინი კატეგორიებად დაიყოს. მინისტრის მოადგილის თქმით, რეგულაციებს შესაძლოა, იმ მოპედების მართვა დაექვემდებაროს, რომლის სიმძლავრეც მოტოციკლს უტოლდება.

„დღეს რეალურად რეგისტრირებული არაა, რა მოპედები დადის, ვინ დადის, როგორი დადის, ზოგი - გადაკეთებულია, ზოგი - გადმოკეთებული. შესაბამისად, დავიწყებთ აღრიცხვას, რომ ვიცოდეთ რა დადის ქალაქში და მეორე - ვფიქრობთ, რომ შემოვიღოთ გარკვეული მართვის მოწმობის მსგავსი დოკუმენტი. მოპედიც სხვადასხვანაირია, ზოგი ველოსიპედის მაგვარია და ზოგი მოტოციკლის ტიპის. აქედან გამომდინარე, აქ ერთგვაროვანი მიდგომა არ გამოვა და ვფიქრობთ, ამის გრადაციაზე“, - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.