TOP-5  ყველაზე მოთხოვნადი ავიამიმართულებები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დატვირთვის მიხედვით, 2019 წლის პირველი კვარტლის მიხედვით, ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებების ხუთეულს აქვეყნებს.

მათი ინფორმაციით, რეიტინგის მოთხოვნად მიმართულებებს შორის კვლავ ვენა ლიდერობს. მეორე ადგილზე პრაღაა, ხოლო მესამე ადგილზე - ათენი.

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2019 წლის იანვარ-მარტის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებების TOP-5 ასეთია:

  • ვენა
  • რომი
  • პრაღა
  • ბერლინი
  • მემინგენი

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2019 წლის პირველ კვარტალში 156784 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 101%-ით მეტია. (2018 წლის 3 თვე - 78020).

მგზავრთნაკადის ზრდით, ევროპის აეროპორტებში კვლავ ქუთაისი ლიდერობს. ევროპის აეროპორტთა საერთაშორისო საბჭოს – ACI EUROPE-ს თებერვლის მონაცემებით, ქუთაისი პირველ ადგილზეა 111.3 %-იანი ზრდით, ბათუმი კი მეორეზე – 87.3 %-იანი ზრდით. საუბარია იმ აეროპორტებზე, რომლებიც წელიწადში ხუთ მილიონამდე მგზავრს ემსახურებიან.

1-ლი აგვისტოდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას Wizz air-ის მესამე ბაზირებული, AIRBUS A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდი დაიწყებს და რეგულარულ ფრენებს ბაზელის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ტალინის, ეინდჰოვენის და ბარის მიმართულებით შეასრულებს.

2019 წლის აგვისტოდან ქუთაისის აეროპორტში სხვა სიახლეებიც იგეგმება. 4 აგვისტოდან ქუთაისი პოლონეთის უძველეს და უდიდეს ქალაქ კრაკოვს დაუკავშირდება. ასევე, კიდევ ერთი სიხშირე დაემატება ათენის მიმართულებას. საბერძნეთის დედაქალაქში მოხვედრა ქუთაისიდან უკვე კვირაში სამჯერ: სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს იქნება შესაძლებელი“, - აღნიშნულია „აეროპორტების გაერთიანების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.