"როგორ უნდა განვვითარდეთ, როდესაც მერიიდან მომდის წერილი, სადაც გვირჩევენ, რომ ქალაქის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ნათესავის მიწის ნაკვეთი ვიყიდო"

როგორ უნდა განვვითარდეთ, როდესაც „ფრესკო“ აპირებს დიდუბეში, წერეთლის გამზირზე ახალი სუპერმარკეტის აშენებას და ქალაქის მერიიდან ოფიციალურად მომდის წერილი, სადაც რეკომენდაციის სახით გვირჩევენ, რომ ქალაქის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ნათესავის მიწის ნაკვეთი ვიყიდო, - ამის შესახებ კომპანია „ფრესკოს“ დამფუძნებელმა ვასილ სოფრომაძემ, ვიდეომიმართვაში განაცხადა.

როგორც სოფრომაძე აღნიშნავს, ისეთი ხალხი, როგორიც მერიაში მუშაობს, საჯარო სამსახურში არ უნდა მუშაობდეს და ქვეყნის ეკონომიკას არ უნდა ანგრევდეს.

„კიდევ უფრო შორს წავიდა ქალაქის მერია. ჩვენ კი გვეუბნებიან, რომ ყველაფერი გავაკეთეთ განვითარებისთვისო, მაგრამ როგორ უნდა განვვითარდეთ ჩვენ, როდესაც ჩვენი კომპანია აპირებს დიდუბეში, წერეთლის გამზირზე ჩვენი ახალი სუპერმარკეტის აშენებას და როდესაც ქალაქის მერიიდან ოფიციალურად მომდის წერილი და რეკომენდაციის სახით გვირჩევენ ვიყიდო ქალაქის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ნათესავის მიწის ნაკვეთი. თქვენ ამას განვითარებას ეძახით?! ეს არის ის, რაც თქვენ საქართველოს ეკონომიკაში გააკეთეთ?! ბატონებო, შარვლებიდან რომ არ ამოხტეთ თქვენს კაბინეტებში, ეს არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილება 4443499 პუნქტი 3 - წაიკითხეთ რას წერთ და როგორ ექცევით ბიზნესს. და მინდა ისევ მოვუხმო ჩემს საყვარელ მუხრან მაჭავარიანს და ერთი ორი სტროფი შეგახსენოთ ჯერ კიდევ 35 წლის წინ დაწერილი ლექსიდან - "თავმჯდომარე კურატორებს უხმობს სიით და ტყუილში ქურციკივით მარდი ქველმოქმედის დავიღუპეთ პრეტენზიით, ტრიბუნაზე მატრაბაზი ადის და გექნებათ შენიშნული ალბათ, როცა ხდება ჩაწყობები კარტის, ზოგიერთი, ვინც ვერ უძლებს ამას, დარბაზიდან ფეხაკრეფით გადის".

მინდა გითხრათ, არც ფეხაკრეფით და არც კარების გამოჯახუნებით მე ამ ქვეყნიდან არ წავალ. მე აქ ვდგავარ, აქ ვარ, აქ ვმუშაობ და აქ ვიქნები. და ბოლოს, მოგიწოდებთ დაბრუნდით სამართლებრივ სივრცეში, არ მოაწეროთ ხელი უკანონო აქტებს. მოგიწოდებთ და გაფრთხილებთ მე ვასო სოფრომაძე, ვინც ხელს მოაწერს ამ უკანონო აქტებს, გდევნიდეთ იქნება. იმიტომ, რომ ასეთი ხალხი არ უნდა მუშაობდნენ საჯარო სამსახურში და არ უნდა ანგრევდეს ქვეყნის ეკონომიკას", - განაცხადა ვიდეო მიმართვაში ვასილ სოფრომაძემ.