მე ვერ ვუხსნი ჩემს თანაინვესტორებს, კომპანიონებს, რა ჩაიდინა „ფრესკომ“ ასეთი, რომ ამდენი ხნის განმავლობაში დღესაც დავა აქვს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურთან?! - ამის შესახებ „ფრესკოს“ დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძე ვიდეომიმართვაში აცხადებს.
„ ამ ყველაფრის ფონზე შემთხვევით წავაწყდი მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ვინმე ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენისადმი მიძღვნილ ღია წერილს. მინდა ამონარიდი წაგიკითხოთ - "მიუხედავად იმისა, რომ "ოცნების" ხელისუფლებამ 6 წლის მანძილზე რეგიონალური თუ პოლიტიკურ-ეკონომიკური გამოწვევის ფონზე რეალური შესაძლებლობების თითქმის მაქსიმუმი გააკეთა და ეროვნული ეკონომიკის უკლებლივ ყველა სფეროში თვალსაჩინო პროგრესი აჩვენა" - სიტყვები არ მყოფნის ამის კომენტირებისთვის, საჯარო სიტყვები არ მყოფნის, ეთერში და სივრცეში რომ წარმოითქმება, ის სიტყვები არ მყოფნის, სხვა სიტყვები მოდის თავში. "ხელისუფლებას უყენებენ პრეტენზიას იმ სოციალურ-ეკონომიკური კოლაფსისასთვის", - აგრძელებს თავის წერილში ვინმე ბიძინა ივანიშვილი, "რომელშიც ქვეყანა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აღმოჩნდა და ნიშანდობლივია, რომ ყველაზე ხმამაღლა იმ ხალხის პრეტენზია ისმის, ვინც ყველაფერი გააკეთა, რომ ეს კოლაფსი დამდგარიყო".
ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ინვესტიციები მოგვეზიდა ამ შვიდი წლის განმავლობაში, რაც მე საქართველოში ვარ. ათასობით სამუშაო ადგილი შევქმენით, ათეულობით მილიონი ლარი შევიტანეთ სახელმწიფოს ბიუჯეტში. როდესაც ყველაფერ ამას უყურებ მართლა გახსენდება ჩემთვის საყვარელი მუხრან მაჭავარიანის სიტყვები "თავმჯდომარე კურატორებს უხმობს სიით და ყოველგვარი ხათრის, განსწავლულის ეს რა ვნახე პრეტენზიით, ტრიბუნაზე უწიგნური ადის", - უნდა დამთავრდეს უწიგნურების ეპოქა.
კიდევ უფრო შორს წავიდა ქალაქის მერია. ჩვენ კი გვეუბნებიან, რომ ყველაფერი გავაკეთეთ განვითარებისთვისო, მაგრამ როგორ უნდა განვვითარდეთ ჩვენ, როდესაც ჩვენი კომპანია აპირებს დიდუბეში, წერეთლის გამზირზე ჩვენი ახალი სუპერმარკეტის აშენებას და როდესაც ქალაქის მერიიდან ოფიციალურად მომდის წერილი და რეკომენდაციის სახით გვირჩევენ ვიყიდო ქალაქის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ნათესავის მიწის ნაკვეთი. თქვენ ამას განვითარებას ეძახით? ეს არის ის, რაც თქვენ საქართველოს ეკონომიკაში გააკეთეთ? ბატონებო, შარვლებიდან რომ არ ამოხტეთ თქვენს კაბინეტებში, ეს არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილება 4443499 პუნქტი 3 - წაიკითხეთ რას წერთ და როგორ ექცევით ბიზნესს. და მინდა ისევ მოვუხმო ჩემს საყვარელ მუხრან მაჭავარიანს და ერთი ორი სტროფი შეგახსენოთ ჯერ კიდევ 35 წლის წინ დაწერილი ლექსიდან - "თავმჯდომარე კურატორებს უხმობს სიით და ტყუილში ქურციკივით მარდი ქველმოქმედის დავიღუპეთ პრეტენზიით, ტრიბუნაზე მატრაბაზი ადის და გექნებათ შენიშნული ალბათ, როცა ხდება ჩაწყობები კარტის, ზოგიერთი, ვინც ვერ უძლებს ამას, დარბაზიდან ფეხაკრეფით გადის". მინდა გითხრათ, არც ფეხაკრეფით და არც კარების გამოჯახუნებით მე ამ ქვეყნიდან არ წავალ მე აქ ვდგავარ, აქ ვარ, აქ ვმუშაობ და აქ ვიქნები. და ბოლოს, მოგიწოდებთ დაბრუნდით სამართლებრივ სივრცეში, არ მოაწეროთ ხელი უკანონო აქტებს. მოგიწოდებთ და გაფრთხილებთ, მე ვასო სოფრომაძე, ვინც ხელს მოაწერს ამ უკანონო აქტებს, გდევნიდეთ იქნება. იმიტომ, რომ ასეთი ხალხი არ უნდა მუშაობდნენ საჯარო სამსახურში და არ უნდა ანგრევდეს ქვეყნის ეკონომიკას", - განაცხადა ვიდეომიმართვაში ვასილ სოფრომაძემ.