მე არასოდეს მქონია სურვილი, შემელახა სისტემა და რეპუტაცია, - ამის შესახებ კომპანია „ფრესკოს“ დამფუძნებლმა ვასილ სოფრომაძემ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სამსახურის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, „ფინანსთა სამინისტრო იტოვებს უფლებას, მიმართოს სამართლებრივ გზას, რომ ვასილ სოფრომაძის მხრიდან მოითხოვოს საჯარო ბოდიში საზოგადოების შეცდომაში შეყვანის და სისტემის რეპუტაციის შეგნებულად შელახვის გამო“.
ვასილ სოფრომაძის განცხადებით, მან თავის წინა გამოსვლაში, განცხადება გააკეთა იმ ზეწოლაზე, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სამსახურის მიერ, კომპანია „ფრესკოს“ წინააღმდეგ ხორციელდება და ფინანსთა სამინისტრომ „იმის მაგივრად, რომ რეაგირება მოეხდინათ საქმის არსზე, მეორე დღეს პოსტი დადო.
„მე რომ არასწორი ინფორმაცია მომეცა, მე დღეს აქ არ ვიქნებოდი და ამ განცხადებას ოფიციალურად არ გავაკეთებდი. მე არასოდეს მქონია სურვილი, შემელახა სისტემა და რეპუტაცია. პირიქით, ათასობით ადამიანი მუშაობს თქვენს სამინისტროში, ისევე როგორც სხვა სამინისტროებში, პოლიციაში და სასამართლოებში. რომელიც თავისი შრომით, პროფესონალიზმით, ერთგულებით, წლების განმავლობაში ემსახურებიან საქართველოს. მე მხედველობაში მყავდით მმართველ პარტიის მიერ მოყვანილი ხელმძღვანელები და მათი მლიქვნელები, რომლებიც ფლუგერებივით ტრიალებთ, საითაც ქარი დაუბერავს“, - განაცხადა ვასილ სოფრომაძემ ვიდეომიმართვაში.