საქართველოში შემოსავლიანი მოსახლეობის ნახევარზე მეტმა შესაძლოა, ბინის შეძენაზე ვერც იოცნებოს.
რეგულაციების გამო კრედიტებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვამ ბინის ყიდვის მსურველებს სერიოზული ბარიერი შეუქმნა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, საშუალოდ, დედაქალაქში 60 კვ/მ ფართის ბინის შესაძენად მოქალაქეს 9-10 წლის ხელფასი სჭირდება, ესეც იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის მინიმალური შემოსავალი 2500 ლარს შეადგენს. იმ პირობებში, როცა ხელფასის გარდა, ოჯახს შემოსავლის სხვა წყარო არ გააჩნია, ბინის შეძენისათვის 20-22 წელია საჭირო.
სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ფიქრობს, რომ დასაქმებული მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელსაც მცირე შემოსავლი აქვს, ახალი ბინის ყიდვას რეალურად ვერ შეძლებს და იძულებული გახდება, მამაპაპისეულ სახლს ან ბინას დასჯერდეს.
„მარტო ხელფასით 60 კვ/მ ბინის შესაძენად საჭიროა დაახლოებით 9 წლის ხელფასი, თუმცა ხელზე გაცემული ხელფასით თუ დავთვლით, მაშინ თითქმის 11 წლის ხელფასი იქნება საჭირო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხელფასის მიმღებთა რაოდენობა საქართველოში 100 შინამეურნეობაზე მხოლოდ 60-ია. ხელფასის მიმღებთაგან 2/3-ის ხელფასი საშუალოზე ნაკლებია, ანუ მათი მყიდველუნარიანობა - კიდევ უფრო დაბალი.
თუ გამოვალთ იმ რეალობიდან, რომ ხელფასის მხოლოდ ნახევარი შეიძლება იქნას გამოყენებული ბინის შესაძენად და თუკი შემოსავლის სხვა წყარო არ ფიქსირდება (ახლობლების დახმარება, შემოსავალი სამეწარმეო საქმიანობიდან, საკუთრების უფლების რეალიზაცია და ა. შ.), მაშინ ზემოხსენებული ბინის შეძენისათვის შინამეურნეობათა დაახლოებით 14-ს, 20-22 წელი დასჭირდება, ხოლო ერთ ამდენს – კიდევ უფრო ხანგრძლივი პერიოდი. ნახევარზე მეტმა შეიძლება, ვერც იოცნებოს ახალი ბინის შეძენაზე და მამაპაპისეული სახლით/ბინით დაკმაყოფილდეს", - ამბობს „ბიზნეს-რეზონანსთან" არჩვაძე.
სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ოჯახს ბინის ყიდვა 2500-ლარიანი შემოსავლითაც გაუჭირდება. ეკონომისტი გივი მომცელიძის აზრით, დაახლოებით 3500-4000-ლარიანი შემოსავალია საჭირო, რომ ფინანსური ვალდებულების შესრულება ოჯახის მატერიალურ მდგომარეობაზე მძიმედ არ აისახოს.
დღეს კრედიტებზე ხელმისაწვდომობა მაქსიმალურად შეზღუდულია და ეს მარტივად გამოსწორებადი არ არის. დადებით გავლენას ამ მხრივ შემოსავლების ზრდა და საბანკო რეგულაციების შერბილება იქონიებს. ხელფასების ზრდა ასე მარტივად ვერ მოხერხდება, ამიტომ უფრო რეალური იქნება, რეგულაციები შერბილდეს.
არსებულ პირობებში, ბინის ყიდვა საშუალო შეძლების ოჯახებისთვისაც კი შეიძლება, მძიმე ტვირთი აღმოჩნდეს, გვაქვს მაგალითი, როცა მოქალაქემ, რომელსაც 2500-ლარიანი ხელფასი ჰქონდა, ბინა 7-წლიანი კრედიტით შეიძინა. თუმცა, ჩემი აზრით, ეს ძალიან დაბალი შემოსავალია იმისათვის, რომ ოჯახმა უძრავი ქონების ყიდვა შეძლოს. სავარაუდოდ, 2500-4000 ლარის სტაბილური შემოსავალია საჭირო, რომ ოჯახმა მშვიდად შეძლოს კრედიტის დაფარვა და ამ ხარჯის გაწევა მძიმედ არ გადაიტანოს. ეს ჩემი სუბიექტური აზრია, მაგრამ ამავდროულად მიმაჩნია, რომ რეგულაციებმა ბაზარზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. სახელმწიფო ბანკებისა და მოქალაქეების ურთიერთობებში ასე უხეშად არ უნდა ერეოდნენ", - ამბობს „ბიზნეს-რეზონანსთან" გივი მომცელიძე.
იპოთეკური სესხების გართულების საკითხს ეროვნული ბანკი 2-3 დღის წინ კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. უწყების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ 60 კვ/მ ბინის შეძენა 15-წლიანი იპოთეკური სესხის შემთხვევაში 2500 ლარის ყოველთვიური შემოსავლის მქონე პირსაც/ოჯახსაც შეუძლია.
„კიდევ ერთხელ გვსურს გამოვეხმაუროთ საზოგადოებაში ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მნიშვნელოვნად გართულდა იპოთეკური სესხების აღება. რეალურად, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპის თანახმად, „სირთულის" არსი მხოლოდ მსესხებლის შემოსავლების შესწავლაა. სესხები, მათ შორის იპოთეკური, უნდა გაიცეს იმ პირებზე, ვისაც მისი მომსახურების უნარი აქვთ. თუკი მსესხებლებს რამე ტიპის შემოსავალი გააჩნიათ, ფორმალური თუ არაფორმალური, ისინი შეძლებენ სესხის აღებას.
ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ დაკრედიტების ახალი წესებით, მხოლოდ მაღალშემოსავლიან პირებს შეუძლიათ იპოთეკური სესხით სარგებლობა, რაც სიმართლეს ცალსახად არ შეესაბამება. მაგალითისათვის, 60-კვადრატულიანი ბინა, 15-წლიანი იპოთეკური სესხის შემთხვევაში 2500 ლარის ყოველთვიური შემოსავლის მქონე პირსაც/ოჯახსაც შეუძლია, რომ შეიძინოს, მათ შორის ისეთ შემთხვევაში, როდესაც ოჯახის წევრების, მაგალითად, მეუღლეების ჯამური შემოსავალი 2500 ლარს შეადგენს.
ამასთან, ბინის შეძენა შესაძლებელია როგორც საცხოვრებლად, ასევე სამომავლო გაქირავებისათვის. უფრო მცირე ზომის ბინის შეძენას ნაკლები შემოსავლის მქონე პირიც/ოჯახიც შეძლებს", - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
მარი ჩიტაია
გაზეთი „რეზონანსი"