1,3 მლრდ ლარი ერთ წელიწადში - რა თანხას დებენ ქართულ ტოტალიზატორებში

საქართველოში აზარტული თამაშებისადმი ინტერესი და შესაბამისად, დადებული ფსონების მოცულობა ყოველწლიურად იზრდება. მართალია, ზუსტი სტატისტიკა იმისა, თუ რამდენი ადამიანი „თამაშობს“, უცნობია, თუმცა ცნობილია მათ მიერ დადებული ფსონების მოცულობა. 2018 წელს ტოტალიზატორებში 232,1 მლნ ლარით, დაახლოებით 22%-ით მეტი ფსონი დაიდო, ვიდრე 2017 წელს.

უფრო კონკრეტულად, ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირის მიერ საქმიანობის ამ ნაწილში 2018 წელს მიღებული ფსონების ჯამმა 1 294 633 461 ლარი შეადგინა, 2017 წელს კი - 1 062 533 252 ლარი. ანუ გამოდის, რომ შარშან საქართველოს მოქალაქეებმა ტოტალიზატორებში 232 100 209 ლარით მეტი თანხა „დადეს“, ვიდრე 2017-ში.

ცნობისათვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში პირისთვის საშემოსავლო/მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი აღნიშნული საქმიანობის ნაწილში არის ამ საქმიანობის მიხედვით ყოველი საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული ფსონების ჯამი, რომელიც იბეგრება 7%-იანი განაკვეთით. ამ შემთხვევაში პირი ვალდებულია არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით წარადგინოს დეკლარაცია და იმავე ვადაში გადაიხადოს შესაბამისი გადასახადი.

რაც შეეხება ზოგადად აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვის მქონე ოპერატორების ბრუნვას, ისიც ყოველწლიურად იზრდება და გამორიცხული არაა, რომ 2018 წლის დაზუსტებული მონაცემების გამოქვეყნებისას, ამ მაჩვენებელმა 10 მლრდ ლარსაც გადააჭარბოს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, შარშან იმ სექციის ბრუნვამ, სადაც აზარტული თამაშების სექტორიც შედის, წინასწარი მონაცემებით ჯამში 12,596 მლრდ ლარი შეადგინა. დაზუსტებული მონაცემები სტატისტიკის სამსახურს ოქტომბერში ექნება, თუმცა თუ 2017 წლის მონაცემებს ავიღებთ, ვნახავთ, რომ „ხელოვნება, გართობა და დასვენების“ სექციის ბრუნვიდან 97%-ზე მეტი სწორედ აზარტული თამაშების ბიზნესზე მოდიოდა. 2017 წელს აზარტული თამაშების ნებართვის მქონე ოპერატორების ბრუნვა 6,050 მლრდ ლარს შეადგენდა.