მეტროში ძალოვანი კაბელების და სავენტილაციო სისტემის მოწესრიგებაზე 15 მლნ დოლარი დაიხარჯება

მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია, მეტროსადგურების მოწესრიგება ძალიან პრიორიტეტულია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს მეტროს შიგნით არსებული მდგომარეობა,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერმა სატრანსპორტო მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მეტროში ძალოვანი კაბელების, სავენტილაციო სისტემისა და აგრეგატების მოწესრიგება იგეგმება, რადგან რაც მეტრო აშენდა, ამ ყველაფრის რეაბილიტაცია და განახლება არ ჩატარებულა.

„მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია, მეტროსადგურების მოწესრიგება ძალიან პრიორიტეტულია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს მეტროს შიგნით არსებული მდგომარეობა. მხედველობაში მაქვს, ძალოვანი კაბელები, სავენტილაციო სისტემა. ეს ყველაფერი, რაც მეტრო აშენდა, მას შემდეგ არ შეცვლილა. ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, ამ სამუშაოების განსახორციელებლად აზიის განვითარების ბანკმა 15 მილიონი დოლარი გამოყო. 450 კილომეტრი ძალოვანი კაბელები ჩანაცვლდება, ასევე მოხდება 28 საგვირაბე გამნიავებლის და 32 ახალი ევროპული სტანდარტის ვენტილაციის აგრეგატების დამონტაჟება. სამუშაოები ივლისის დასაწყისში დაიწყება და 2020 წლის ივნისში მთლიანად დასრულდება,“-განაცხადა კახა კალაძემ.