2019 წლის თებერვლიდან „ენგურჰესზე“ წყლის დონე შემცირდა და შესაბამისად, არასაკმარისი გენერაციის გამო, აფხაზეთი დამატებით ელექტროენერგიას რუსეთიდან იღებდა.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, გასულ თვეს „ენგურჰესმა“ და „ვარდნილჰესმა“ ერთად (აფხაზეთი ამ 2 ჰესიდან მარაგდება) 122.925 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, აფხაზეთს კი მთლიანად 242.048 მლნ კვტ/სთ დენი მიეწოდა. შესამაბისად, ამ დანაკლისის ნაწილის შევსება რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიით მოხდა. საქართველომ მარტში რუსეთიდან 64.778 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია იყიდა.
როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია აცხადებს, არა მხოლოდ მარტში, თებერვალშიც „ენგურჰესის“ და „ვარდნილჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად აფხაზეთმა წაიღო.
„თებერვალში და მარტში „ენგურჰესიდან“ ფაქტობრივად, არცერთი კილოვატი ელექტროენერგია საქართველოს დანარჩენ რეგიონებს არ მიწოდებიათ, გამომუშავებული დენით მთლიანად აფხაზეთი მარაგდებოდა. თუმცა არასაკმარისი გენერაციის გამო, მოხდა აფხაზეთის იმპორტირებული, ძირითადად რუსეთიდან შემოსული დენით მომარაგება. აპრილში გენერაცია გაიზარდა და ახლა „ენგურჰესით“ საქართველოს დანარჩენი რეგიონებიც მარაგდება“, - განაცხადა მებონიამ.
გარდა ამისა, ესკოს მონაცემებით, 2019 წლის მარტში, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ელექტროენერგიის იმპორტი 23%-ით გაიზარდა და 208.869 მლნ კვტ.სთ შეადგინა. გასულ თვეს გარდა რუსეთისა, საქართველო დენით აზერბაიჯანიდანაც (144.091 მლნ კვტ/სთ) მარაგდებოდა.