კვიპროსმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ვიზიტად მყოფ კვიპროსის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა კვიპროსელ კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე განსახილველ საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ისაუბრეს, ცირკულარული მიგრაცია იყო.
„ვისაუბრეთ ცირკულარულ მიგრაციაზე, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი სერიოზული მიმართულება და მოთხოვნაა ევროკავშირის პარტნიორების მიმართ. მზადყოფნა არის კვიპროსის მხრიდან, რომ ამ მიმართულებით და ამ კუთხით, ჩვენ ქვეყნებს შორის შედგეს შეთანხმება. ძალიან ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ კვიპროსმა აღიარა საქართველო როგორც უსაფრთხო ქვეყანა და ამის შესახებ დღეს ითქვა. საერთოდ, ყველანაირი დახმარება ჩვენს გზაზე, რომ მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში, ეს იყოს გაზიარებული კვიპროსის მიერ, როგორც ერთ-ერთი ჩვენი მთავარი პარტნიორის ევროკავშირში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.