დარწმუნებული ვართ, რომ ფქვილის მწარმოებელთა მხრივ სერიოზული კონკურენციაა ბაზარზე, პრემიერმა კონკურენციის სააგენტოს სთხოვა ამ ბაზრების შესწავლა, სააგენტოსთან გვაქვს კომუნიკაცია და ველოდებით უწყების დასკვნას, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ ქვეყანაში პურის შესაძლო გაძვირების კომენტირებისას განუცხადა.
სილაგავას თქმით, მნიშნველოვანია, რომ კონკურენტული გარემო იყოს როგორც ხორბლის იმპორტის მხრივ, ისე ფქვილის და პურის ბაზარზე. ამასთან, ასოციაციის დირექტორი მზადყოფნას გამოთქვამს, სახელმწიფო სტრუქტურებთან ამ მიმართულებით არსებული პრობლემების გადასაჭრელად ითანამშრომლოს.
„ფქვილის და შესაბამისად პურის გაძვირება მნიშვნელოვნად განაპირობა რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულებამ. ბოლო სამი წელია საკმაოდ სერიოზული ბმა გვაქვს რუსეთთან ხორბლის იმპორტის მიმართულებით და ცხადია, აუცილებელია საიმპორტო ბაზრების დივერსიფიცირება. დეკემბრის შემდეგ მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა, თუმცა საჭიროა მდგრადი და სწორი მექანიზმის არსებობა ამ საკითხის დასარეგულირებლად,“-განაცხადა სილაგავამ.
ლევან სილაგავა ფქვილის მწარმოებლების მხრიდან არაჯანსაღი კონკურენციის შექმნას გამორიცხავს, კონკურენციის სააგენტო კი აღნიშნულ საკითხს მეოთხე თვეა სწავლობს.
იმის გასარკვევად, თუ რა ეტაპზეა აღნიშნული კვლევა „ინტერპრესნიუსი“ კონკურენციის სააგენტოს დაუკავშირდა. ნოდარ ხადურის უწყებაში განმარტავენ, რომ ამჟამადაც მუშაობს შესაბამისი ჯგუფი ამ საკითხზე და ვერ აკონკრეტებენ, როდის იქნება საბოლოო შედეგი საჯარო.
"საქართველოს კონკურენციის სააგენტო ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზრის მონიტორინგს ახორციელებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინფორმაციის დამუშავება, მიღებული შედეგები იქნება საჯარო და ყველასათვის ხელმისაწვდომი", -აცხადებენ კონკურენციის სააგენტოში.
შეგახსენებთ, რომ 10 დეკემბრიდან მაღაზიებში პურის ფასმა, დაახლოებით, 5-10 თეთრით მოიმატა. იმავე დღეს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საკითხის შესწავლა კონკურენციის სააგენტოს დაავალა, რამდენადაც კეთდებოდა შეფასებები, რომ შესაძლოა, ფასის მატება არაჯანსაღი კონკურენციით ყოფილიყო გამოწვეული.