2019 წლის მარტში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 4 982 ადამიანით გაიზარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, მარტში სახელმწიფოსგან შემწეობას 451 132 ადამიანი იღებდა, რაც მთლიანი მოსახლეობის 12,1%-ს შეადგენს. თებერვალში კი ფულად დახმარების მიმღებთა რიცხვი 446 150-ს შეადგენდა.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, საარსებო შემწეობის მიმღებთა ყველაზე დიდი რიცხვი თბილისში ფიქსირდება, დედაქალაქში ფულად დახმარებას სახელმწიფოსგან 99 959 ადამიანი იღებს. მეორე ადგილზეა იმერეთი - 62 990 ადამიანი; ღარიბი მოსახლეობით სამეულში შედის სამეგრელო-ზემო სვანეთი, აქ საარსებო შემწეობას 54 307 ადამიანი იღებს.
რაც შეეხება სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობას, ის 2019 წლის მარტში თებერვალთან შედარებით 6 424 ადამიანით გაიზარდა. კონკრეტულად - თებერვალში ბაზაში რეგისტრირებული იყო 953 772 ადამიანი, მარტში კი- 960 196.