კვიპროსისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი ფრენების ასამოქმედებლად შესაბამისი ინსტიტუციები იმუშავებენ, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანისა და კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან ვიზიტის შეფასების დროს კოლეგა მინისტრის სტუმრობას საქართველოში ისტორიული უწოდა. მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში.
„კვიპროსელ და ქართველ ხალხს აკავშირებს როგორც ისტორიული წარსული და კულტურული კავშირები, ასევე აერთიანებს ევროპული ფასეულობები და საერთაშორისო სამართლის უნივერსალური პრინციპების პატივისცემა, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურთიერთპატივისცემა. ჩვენი ურთიერთობები პოზიტიურად ვითარდება. ჩვენი მიზანია ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება წარმოადგენს. სწორედ ამას ემსახურება ბიზნეს-ფორუმი, რომელიც ხვალ თბილისში გაიმართება“, - განაცხადა ზალკალიანმა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-კვიპროსის ბიზნეს ასოციაცია და საქართველო-კვიპროსის ბიზნეს კლუბის საქმიანობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კონკრეტული საინვესტიციო პროექტების განხორციელებას.
„მისასალმებელია პირდაპირი რეგულარული რეისები ქუთაისი-ლარნაკა-ქუთაისის მიმართულებით. შესაბამისი ინსტიტუციები გააგრძელებენ მუშაობას, რათა დედაქალაქებს შორისაც ამოქმედდეს პირდაპირი ფრენები"-განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მინისტრის თქმით, კვიპროსი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერია და მას ეს არაერთხელ გამოუხატავს.
„ჩემს კოლეგასთან ერთად ხელი მოვაწერე რამდენიმე შეთანხმებას, მათ შორის ჯანდაცვისა და მედიცინის, ასევე სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
საქართველო-კვიპროსის ურთიერთობების მნიშვნელოვან ნაწილს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში თანამშრომლობა წარმოადგენს. დიდია კვიპროსის სიძველეთა დეპარტამენტის წვლილი კვიპროსის დაბა ღალიის ტერიტორიაზე ღვთისმშობლის სახელობის ქართული მონასტრის აღმოჩენის საქმეში. 2015 წელს თბილისში გაიმართა ღალიის სამონასტრო კომპლექსში აღმოჩენილი არტეფაქტების გამოფენა. კვიპროსის ტერიტორიაზე ახალი ქართული კერების გამოსავლენად არქეოლოგიური პროექტები მიმდინარეობს ალამინოსსა და სოფტადესში. განსაკუთრებით აღსანიშნავია კვიპროსის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დახმარება ქართული საკვირაო სკოლების საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსასყიდლოდ განთავსების საქმეში. საქართველოს საელჩოს ძალისხმევით სკოლები ფუნქციონირებს ნიქოზიაში, ლიმასოლში და უპრეცედენტოა ამ დროისათვის მოსწავლეების რაოდენობა.
საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
კვიპროსი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერია და მას ეს არაერთხელ გამოუხატავს. კვიპროსის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დღევანდელი ვიზიტი ამ მხარდაჭერისა და სოლიდარობის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულებაა. ცოტა ხნის წინ ეს მხარდაჭერა კვიპროსის მმართველი პარტიის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებაშიც აისახა. მინისტრთან ერთად ჩვენ განვიხილეთ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები და თანამშრომლობის გზები",-განაცხადა ზალკალიანმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მან კოლეგა მინისტრს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული გამოწვევები და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
დავით ზალკალიანმა კვიპროსელ კოლეგას კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ჩართულობისთვის.
მინისტრი იმედოვნებს, რომ კვიპროსის სახელმწიფოს მეთაურის და მასთან ერთად მისი კოლეგის, კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში იქნება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფურცელი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ისტორიაში.
კვიპროსის დელეგაცია საქართველოს გუშინ ეწვია და დღეს დილიდან მაღალი დონის შეხვედრები მიმდინარეობს. კვიპროსის დელეგაცია ქვეყანას ხვალ დატოვებს.