გერმანია მიგრანტების დეპორტაციის წესებს ამარტივებს. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ინიციატივა გერმანიის შს მინისტრმა ჰორსტ ზეეჰოფერმა წარადგინა. პროექტის მიხედვით, მიგრანტებს, რომლებსაც თავშესაფრის მინიჭებაზე უარი ეთქვა, დეპორტაციისთვის თავის არიდება გაურთულდებათ. აღნიშნული ინიციატივა ძირითადად იმ ადამიანებზეა მიმართული, რომლებმაც გერმანიაში თავშესაფრის მიღების ყველა კანონიერი შესაძლებლობა ამოწურეს. ჰორსტ ზეეჰოფერის ინიციატივას მხარი მინისტრთა კაბინეტმაც დაუჭირა.
გეგმა განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება და შესაძლოა, პარლამენტის საგაზაფხულო სესიებზე დაამტკიცოს. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ გერმანიის ყველა ფედერალური მიწა არ დაეთანხმა ინიციატივის იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც თავშესაფრის მაძიებლები, რომლებსაც დეპორტაცია ემუქრებათ, სახელმწიფო საპატიმროში გააჩერონ და არა წინასწარი დაკავების იზოლატორში.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ მის მიერ წარდგენილი ცვლილებათა პაკეტი ისეთ ძლიერ ელემენტებს შეიცავს, რაც გაამარტივებს ადამიანთა დეპორტირებას. გასულ წელს გერმანიიდან დაახლოებით 25 ათასი ადამიანის დეპორტირება მოხდა, რაც თითქმის მეათედია ადამიანების იმ რაოდენობასთან, რომლებმაც ქვეყანა უნდა დატოვონ.
ზეეჰოფერის მიერ წარდგენილი გეგმა რამდენიმე სადავო ასპექტს შეიცავს:
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თებერვლის ბოლოს დაახლოებით 240 ათას ადამიანს მოსთხოვეს ქვეყნის დატოვება, აქედან 184 ათასს, რომლებიც ქვეყანაში დასაშვები ყოფნით სარგებლობდნენ ავადმყოფობის ან დაუდასტურებელი პირადობის გამო.
2015 წლის მიგრანტთა კრიზისის შემდეგ გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა მიერ შევსებული აპლიკაციების რაოდენობა 2016 წელს 722 370-მდე გაიზარდა.
მინისტრთა კაბინეტმა შრომის მინისტრის მიერ ინიცირებულ ცვლილებებსაც დაუჭირა მხარი, რომელიც მიზნად ისახავს იმ ადამიანების ინტეგრაციის ხარისხის გაუმჯობესებას, რომლებმაც ქვეყანაში დარჩენაზე თანხმობა მიიღეს ან ელიან გადაწყვეტილებას, რომელიც დიდი ალბათობით თანხმობით დასრულდება.
გერმანული ენისა და ინტეგრაციის კურსებზე დასწრება აპლიკანტის ჩასვლიდან 9 თვეში იქნება ნებადართული.
ავტორი: სალომე აბულაშვილი