ქაღალდის პარკები ბრენდულ მაღაზიებშიც ფასიანი გახდა

ქაღალდის პარკები, რომელსაც ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ბრენდული მაღაზიები 1-ელ აპრილამდე უფასოდ გასცემდნენ, ახლა უკვე ფასიანია. სავაჭრო მოლებში განთავსებული მაღაზიების ნაწილში, მომხმარებლებს უცხადებენ, რომ მიღებული კანონის გამო, პოლიეთილენის პარკები არ აქვთ, სანაცვლოდ კი, ქაღალდის პარკს 25 თეთრად სთავაზობენ. ეს მაშინ, როდესაც აღნიშნულ მაღაზიებს პოლიეთილენის პარკი ხმარებაში არასდროს ჰქონიათ და საკუთარ პროდუქციას ისედაც ქაღალდის პარკებში ათავსებდნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, 2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა.

1-ლი აპრილიდან კი ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია სრულად აიკრძალა.

კოდექსის მიხედვით რეგულირების წესის დარღვევა გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით. განმეორებით ჩადენილი ქმედება კი გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ამ შემთხვევაშიც შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ასრულებენ თუ არა ბრენდული მაღაზიები კანონს, რისთვისაც სავაჭრო მოლებს ესტუმრა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ქაღალდის პარკები, რომელიც მანამდე უფასო იყო, ახლა ფასიანი გახდა.

კერძოდ, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესურების რამდენიმე მაღაზიაში ქაღალდის პარკის სანაცვლოდ, 25 თეთრის გადახდა მოგვთხოვეს. მიზეზად კი მიღებული კანონი და პლასტიკის პარკების აკრძალვა დაასახელეს. თუმცა აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სავაჭრო ობიექტები, საკუთარ პროდუქციის რეალიზაციისას, ნივთებს ისედაც ქაღალდის პარკში ათავსებდნენ და ამაში ფულს მანამდე არასდროს ითხოვდნენ.

„სამწუხაროდ, პოლიეთილენის პარკები არ გვაქვს და გვიწევს მომხმარებლებს შევთავაზოთ ქაღალდის პარკები, რომელიც 25 თეთრი ღირს. ამის მიზეზია ახალი კანონი, რომლითაც აიკრძალა პლასტიკის პარკების რეალიზაცია“,- განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ ერთ-ერთ ბრენდულ მაღაზიაში.

კითხვაზე, თუ მანამდე ქაღალდის პარკებს უფასოდ გასცემდნენ, ახლა რატომ გახდა ფასიანი? კიდევ ერთ ბრენდულ მაღაზიაში სავარაუდო პასუხად, წარმოების გაძვირება დაასახელეს.

„ალბათ, მწარმოებელმა გააძვირა. ზუსტად ვერ გეტყვით. ჩვენ ხელმძღვანელობამ გვითხრა, რომ ფასიანი გახდა და ვერმორჩილებით გადაწყვეტილებას“,- განმარტავენ მაღაზიაში.

ნინი ქეთელაური