სამედიცინო დაწესებულებებს ჩანაწერების შენახვის ვალდებულება ეკისრებათ

სამედიცინო დაწესებულებებს სამედიცინო ჩანაწერების შენახვის ვალდებულება ეკისრებათ. ამას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება ითვალისწინებს.

როგორც დავით სერგეენკოს 17 აპრილის ბრძანებაშია აღნიშნული, სამედიცინო ჩანაწერების შენახვას უზრუნველყოფს სამედიცინო სერვისის მიმწოდებელი პირი (შემდგომში – სამედიცინო დაწესებულება), ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ეროვნული არქივი (შემდგომში – ეროვნული არქივი) და/ან კერძო არქივები, შესაბამისი სახელშეკრულებო პირობებით, მათზე საკუთრების უფლების შენარჩუნებით.

ამავე ბრძანების მიხედვით, სამედიცინო ჩანაწერების შენახვის პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სათანადო პირობები აღნიშნული დოკუმენტების შენახვის, მათთან მოპყრობის/კონფიდენციალობის უზრუნველყოფისა და ამ სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის გამორიცხვის მიზნით. ამასთან, სამედიცინო დაწესებულებების მიერ დეპოზიტური შენახვისთვის გადაცემული სამედიცინო ჩანაწერების დაცვის უზრუნველყოფა, შენახვა, აღრიცხვა, დამუშავება, მათთვის შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება, აგრეთვე, გამოყენებისა და სარგებლობის პირობები განისაზღვრება: ა) ეროვნული არქივის შემთხვევაში – „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №506 დადგენილებით;ბ) კერძო არქივების შემთხვევაში – „კერძო არქივების ფუნქციონირების წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №74 ბრძანების შესაბამისად.

სამედიცინო ჩანაწერები განსაზღვრულ დაწესებულებებში ინახება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული უწყებრივი ნუსხით განსაზღვრული ვადით. ეროვნული საარქივო ფონდისათვის მიკუთვნებული სამედიცინო ჩანაწერები ამ ბრძანების მე-5 მუხლით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, შესანახად გადაეცემა ეროვნულ არქივს ან კერძო არქივებს.

აღნიშნული წესი უკვე ძალაშია.