აშშ-მ კუბას, ვენესუელას და ნიკარაგუას ახალი სანქციები დაუწესა

ამერიკის ადმინისტრაციამ ნიკარაგუას ინვესტიციების მოზიდვის სააგენტოს ხელმძღვანელს ლაუერეანო ორტეგას სანქციები დაუწესა, ის ნიკარაგუას პრეზიდენტის დანიელ ორტეგას ვაჟიშვილია. ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა ასევე ნიკარაგუაში მოქმედ ბანკს Bancorp-ს. ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა მაიამიში განაცხადა, სადაც ამერიკის ხელისუფლების ამჟამინდელი პოლიტიკის შესახებ კუბის, ვენესუელას და ნიკარაგუასთან დაკავშირებით მოხსენებით წარსდგა. აღნიშნული ღონისძიების ტრანსლირებას ტელეკომპანია Fox News ახორციელებდა.

მოგვიანებით დანიელ ორტეგას შვილისა და ბანკ Bancorp-ის სასანქციო სიაში შეყვანის შესახებ ამერიკის ფინანსთა სამინისტრომაც გამოაცხადა. მანამდე კი, 2018 წლის ნოემბერში ამერიკამ სანქციების სიაში შეიყვანა ნიკარაგუას პრეზიდენტის მეუღლე როსარიო მურილიოც, რომელიც ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებს. ამავე სიაშია ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივანი ნესტორ მონკადიც.

ჯონ ბოლტონმა ამავე ღონისძიებაზე კიდევ ორი ქვეყნის წინააღმდეგ ამოქმედებულ სანქციებზე ისაუბრა. მისი თქმით, ვაშინგტონი შეზღუდვებს უწესებს ვენესუელას ცენტრალურ ბანკს და ამავდროულად, ზღუდავს იმ ამერიკელების კუბაში მგზავრობას, რომელთაც კუნძულზე ნათესავები არ ჰყავთ.

კოკა კვირკველია