ქართველი ხელოვანები რუსეთის ავტორთა და შემსრულებელთა ორგანიზაციებს დისკრიმინაციულ ქმედებაში და მათი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. შესაბამისი ერთობლივი განცხადება მათ ცოტა ხნის წინ გაავრცელეს:
ერთობლივი განცხადება, რომელშიც რუსული ორგანიზაციების მიერ არაუფლებამოსილი ქმედებების შესახებ არის საუბარი, ქართველმა კომპოზიტორებმა და შემსრულებლებმა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის 2019 წლის 14 აპრილის საერთო კრებაზე შეადგინეს.
ამავე განცხადებაში ავტორები საქართველოში, საავტორო უფლებების სფეროში შექმნილ ახალ ორგანიზაციაზე საუბრობენ და მის საქმიანობას კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნევენ. განცხადებას 200-ზე მეტი ავტორი და შემსრულებელი აწერს ხელს. აღსანიშნავია, რომ ქართველო კომპოზიტორებისა და ხელოვანების მიმართვა რუსეთს და ამ სფეროში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც გაეგზავნათ.
"ბიზნესპრესნიუსი" "საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის" წვრების - ქართველი კომპოზიტორებისა და ხელოვანების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია (GCA) საქართველოში ერთადერთ უფლებამოსილ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელსაც კანონის შესაბამისად გააჩნია ჩვენი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვის უფლებამოსილება. შესაბამისად, ჩვენს მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, მხოლოდ GCA ახორციელებს ჩვენი რეპერტუარის მართვას და ჰონორარის შეგროვება-განაწილებას როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, რუსეთის ჩათვლით.
როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ა/წლის მარტში შეიქმნა "საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაცია" (GERA), რომელიც პრეტენზიას აცხადებს იყოს კოლექტიური მართვის ორგანიზაცია. GERA-ს მცდელობა წარმოადგენს კანონის უხეშ დარღვევას, რადგან კანონი არ ითვალისწინებს GCA-ს კონკურენტი ორგანიზაციის შექმნის შესაძლებლობას საქართველოში და შესაბამისად ყველანაირი კავშირი GERA-თან არის არალეგიტიმური. ეს საეჭვო ორგანიზაცია აქტიურად ეწევა ასოციაციის დისკრედიტაციას და ავრცელებს დეზინფორამციას. მათ შორის იმას, რომ RAO-ს შეწყვეტილი აქვს ხელშეკრულება GCA-თან, რაც სიმართლეს არ წარმოადგენს, რადგან, როგორც ასოციაციისგან გვეცნობა, ხელშეკრულების გაწყვეტა დაკავშირებულია შესაბამის იურიდიულ პროცედურებთან, რაც არ განხორციელებულა.
გვინდა, ხაზი გავუსვათ იმას, რომ GCA-ს და თქვენს ორგანიზაციებს (RAO, VOIS) შორის ხელშეკრულებების შეწყვეტით დაირღვევა ჩვენი საავტორო უფლებები, რადგან, საქართველოში სხვა კოლექტიური ორგანიზაციის არ არსებობის გამო, ჩვენი უფლებების განხორციელება შეუძლებელი გახდება რუსეთის ტერიტორიაზე, რაც იქნება დისკრიმინაციული ჩვენს მიმართ. იგივე მოხდება რუსი ავტორების შემთხვევაშიც, რადგან GCA-ს გარდა ვერავინ შეძლებს შეაგროვოს მათი ჰონორარი საქართველოს ტერიტორიაზე. გამომდინარე აქედან, მოგიწოდებთ შეასრულოთ GCA-ს და თქვენს შორის არსებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები",- ნათქვამია განცხადებაში.
იმის გასარკვევად, თუ რა პოზიცია უჭირავთ "საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის" წევრებსა და ცნობილ ხელოვანებს, Ambebi.ge მომღერალ ნეკა სებისკვერაძესა და მუსიკოსს, პროდუსერსა და სამოსის ავტორს კახაბერ ცისკარიძეს დაუკავშირდა.
ნეკა სებისკვერაძის შეფასებით, მისთვის გაუგებარია, რა საჭიროა ბაზარზე იმავე პროფილის მეორე ორგანიზაციის შემოსვლა, თუ ერთი უკვე წარმატებით ოპერირებს.
"ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს ნაბიჯები გადადგმული, სწორად არ მიმაჩნია, იქიდან გამომდინარე, რომ თუ საკანონმდებლო ბაზას გადავხედავთ და თუ მოვიძიებთ ბრძანებასა თუ განკარგულებას, მიგვითითებს იმისკენ, რომ ამ საქმიანობის პარალელურად იმავე საქმიანობის განხორციელების უფლება სხვა ანალოგიურ კომპანიას არ აქვს. შესაბამისად, ეს ნაბიჯები არარეალური მგონია. მე პირადად, როგორც მათი წევრსა და ავტორს, მიმაჩნია, რომ უკვე არსებული ორგანიზაცია საკმაოდ წარმატებით მუშაობს. მათ ფაქტობრივად, ნულიდან დაიწყეს და საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, რომ თავიანთი საქმე გაემართათ, პოპულარიზაცია გაეწიათ საავტორო უფლებების დაცვისთვის. პარალელურად, „საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია“ ავტორებთან საკმაოდ კომუნიკაბელურია, ყველა შეკითხვაზე გვაქვს პასუხი, ანგარიშები. ვერ ვხვდები, სტრუქტურა, რომელიც წარმატებით საქმიანობს, რატომ უნდა გახდეს ვიღაცის თავდასხმის ობიექტი", - აღნიშნა ნეკა სებისკვერაძემ.
კახაბერ ცისკარიძის თქმით, საქართველოს კანონმდებლობით, ჩვენს ქვეყანაში საავტორო უფლებების დაცვა ერთზე მეტ ორგანიზაციას არ შეუძლია. გარდა ამისა, მისი თქმით, რუსული მხარე საავტორო უფლებების დამრღვევი თავად არის და მუსიკოსისთვის ბუნდოვანია, საქართველოში ამ მიმართულებით წარმატებით საქმიანობას როგორ გეგმავს.
"ალბათ, ავტორების გადაბირება ხდება. საერთოდ, ჩემთვის გაუგებარია, რუსულ კომპანიაში რატომ უნდა ხდებოდეს საავტორო უფლებების დაცვა, მითუმეტეს, ამ მდგომარეობაში. მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ რუსეთი საავტორო უფლებების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამრღვევია. იმას, რასაც რუსეთში „საავტორო უფლებების საზოგადოება“ უნდა აკეთებდეს, ამ ვალდებულებებს ბოლომდე არ ასრულებს, რადგან ბევრი ჩვენი შემსრულებლის სიმღერების რუსეთის ტერიტორიაზე უფასოდ ჩამოწერა შესაძლებელია, როცა საქართველოში ასე არ ხდება. რუსეთში კი ეს სიმღერები თავისუფლად არის ატვირთული და მათი მოპარვა ყველას შეუძლია", - აღნიშნა კახაბერ ცისკარიძემ.
ბოლო პერიოდში რუსული მხარე საქართველოში ინტელექტის ოკუპაციის მიმართულებითაც გააქტიურდა. რუსულმა მხარემ „საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის“ წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო და ცდილობს, ქვეყანაში საავტორო უფლებების დაცვა და ჰონორარების მიღება-განაწილება თავად დაიწყოს.
ეს პროცესი დღითიდღე მასშტაბურ სახეს იღებს. "საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია" კი საკუთარი უფლებების დასაცავად აქტიურად იბრძვის. „საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის" საპირწონედ, რუსულმა მხარემ "ევრაზიის უფლების მფლობელთა საზოგადოების კონფედერაცია" დააარსა, რომელშიც 5 ქვეყანა: აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ბელარუსი შედის. გარდა ამისა, შეიქმნა „ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებული ტრანზაქციების საკოორდინაციო ცენტრი, რომელმაც კონფედერაციის წევრ ქვეყნებში შეგროვებული ჰონორარისა და ჰონორარის მფლობელთა შესახებ ინფორმაციის გაკონტოლება დაიწყო. რუსეთში ყველაზე დიდი უკმაყოფილება კი ო„საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის“ მიერ ამ ორგანიზაციებში გაწევრიანებაზე ნათქვამმა უარმა გამოიწვია.
საავტორო უფლებების მიმართულებით რუსული მხარის გააქტიურება საქართველოსთვის ამ სფეროში ლიდერის პოზიციის შესუსტებასაც უკავშირდება. გარდა ამისა, თუ "საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია" რუსეთის მიერ შექმნილ ორგანიზაციებთან მჭიდრო ურთიერთობას დაიჭერს, ეს CISAC-თან ურთიერთობის გაფუჭების საფუძველი გახდება.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულება კი, რასაც საქართველო რუსულ ორგანიზაცებში გაწევრიანების შემთხვევაში დაარღვევს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნაბიჯებია, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ უნდა შეასრულოს. იმის გამო, რომ საქართველო ვალდებულია, ინტელექტუალური საკუთრება მკაცრად დაიცვას და კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ნორმა შეასრულოს, რუსეთის მიერ შექმნილ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა აღნიშნულ კურსს დააკარგინებს.