მაისიდან ქართულ სასტუმროებს Hotelstars Union-ი ვარსკვლავებით შეაფასებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „სასტუმროების, რესტორნების და კაფეების ფედერაციის“ დამფუძნებელმა ქეთი მელაძემ სასტუმროების გავარსკვლავიანების კომენტირებისას განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში მაისში ჩამოვლენ ევროპელი ექსპერტები, რომლებიც ევროპული სტანდარტების მიხედვით, ვარსკვლავებით შეაფასებენ ქართულ სასტუმროებს. ამასთან, მელაძის განმარტებით, Hotelstars Union-ის შეფასების მიღება სასტუმროებისთვის ნებაყოფლობითი იქნება.
„ვარსკვლავებით შეფასება არ იქნება სავალდებულო, ნებაყოფლობით შეეძლებათ სასტუმროებს შესაბამისი შემოწმების გავლა. ყველა სასტუმრო შეფასდება, მათ შორის ბუტიკ სასტუმროები, ჰოსტელები,“ - განაცხადა ქეთი მელაძემ.
მისივე თქმით, ევროპული სტანდარტის შეფასების მიღება ქართული სასტუმროების მიმართ ინტერესს მნიშვნელოვნად გაზრდის და ამასთან, აღარ იქნება ქვეყანაში ძვირადღირებული ბრენდების ფრენჩაიზით შემოყვანის საჭიროება.
„ის ფაქტი, რომ ევროპული შეფასება ექნებათ ჩვენს სასტუმროებს წინ გადადგმული ნაბიჯია მდგრადი ტურიზმის განვითარებისთვის. ამასთან, აღარ იქნება, აუცილებელი ათასობით ლარის გადახდა ისეთი ფრენჩაიზების შემოსაყვანად, როგორიცაა marriott, crowne plaza,radisson. მინიმალური თანხით იქნება შესაძლებელი Hotelstars Union-ის ვარსკვლავის მოპოვება. როდესაც თუნდაც იგივე booking.com-ზე დაფიქსირდება, რომ სასტუმრო Hotelstars Union-ის შეფასებულია, მნიშვნელოვნად გაიზრდება მის მიმართ ინტერესი,“-განაცხადა ქეთი მელაძემ.
მისივე განმარტებით, ევროპული შეფასების მისაღებად საჭიროა, რომ სასტუმროები იყვნენ „სასტუმროების, რესტორნების და კაფეების ფედერაციის“ წევრები და გარკვეული კრიტერიუმები დააკმაყოფილონ.
ცნობისთვის, Hotelstars Union, რომელსაც შემუშავებული აქვს სასტუმროების კლასიფიკაციის ერთიანი სისტემა, 2009 წელს შეიქმნა. მისი წევრები არიან: შვედეთი, ჰოლანდია, გერმანია, შვეიცარია, ავსტრია, ჩეხეთი, უნგრეთი, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, ბელგია, დანია, საბერძნეთი, ლიხტენშტეინი და სლოვენია.
ამ ქვეყნებში სასტუმროსთვის მინიჭებული ვარსკვლავების რაოდენობა შეესაბამება კოდიფიცირებულ პირობებს და გამორიცხავს ვარსკვლავების თვითნებურ მინიჭებას, კონკრეტული მაჩვენებლის არარსებობის შემთხვევაში.