თბილისში ტურისტული ბილიკების მოწყობა იგეგმება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ტენდერი უკვე გამოცხადებულია. კერძოდ, ტურისტული ბილიკების შესწავლისა და პროექტირების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 20 000 ლარია.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 29 აპრილს დაიწყება და 2 მაისს დასრულდება.
„შესყიდვის ობიექტია თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 3 ტურისტული - სამთო - საფეხმავლო ბილიკის შესწავლის და შესაბამისი საპიკნიკე და საოჯახო ტურიზმზე ორიენტირებული ტერიტორიების და ინფასტრუქტურის პროექტირების მომსახურების შესყიდვა. შესყიდვის ობიექტი მოიცავს 3 ბილიკის შესწავლას, განვითარების და მოწყობის კონცეფციის შემუშავებას (მაგ. ზღაპრის გმირების თემატიკით საბავშვო-საოჯახო ტიპის საფეხმავლო ბილიკი, ველო ბილიკი, და ა.შ.), რაც გულისხმობს ბილიკების სხვადასხვა თემატური დატვირთვით განვითარებულ ინფრასტრუქტურას, საპიკნიკე და სხვა გასართობი და დასასვენებელი ტერიტორიების და ინფასტრუქტურის პროექტირებას/საპროექტო სამუშაოებს.
აღნიშნული სამთო საფეხმავლო მარშრუტებია: კუს ტბა - უძოს მონასტერი (თემატური ინფრასტრუქტურის პროექტი მომზადდეს არსებული ინფრასტრუქტურის განგრძობით ნაწილზე, დაახლოებით X-478668 და Y-4615281 კოორდინატებიდან უძოს მიმართულებით); ლისის ტბა - სოფ. წოდორეთი - სოფ. ტაბარუკი - ჭილის ტბა; ვერეს ხეობის მარშრუტი (თბილისი - ბეთანიის მონასტერი),“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.