"თუ ბანკების ასოციაციის განცხადებაში მოცემული ინფორმაცია დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შსს მასზე რეაგირებას მოახდენს"

შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, თუ ბანკების ასოციაციის განცხადებაში მოცემული ინფორმაცია დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შსს მასზე რეაგირებას მოახდენს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხშირია შემთხვევები, როდესაც პოლიციას ისეთ ფაქტებთან დაკავშირებით მიმართავენ, რაც მოქმედი კანონმდებლობით დანაშაული არაა.

"თუ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ამ საკითხს შევისწავლით, გამოძიება დაიწყება და ბუნებრივია, სამინისტრო რეაგირებას მოახდენს. სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად მოგვმართავენ ისეთ საკითხებზე, რომელიც არ წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დანაშაულს, იგივე მაგალითად, სოციალური ქსელის მეშვეობით შეურაცხმყოფელ განცხადებებთან და მესიჯებთან დაკავშირებით. საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ შსს რეაგირებს დანაშაულის ფაქტებზე, იმ ფაქტებზე, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულია, ამიტომ ნუ გაუკვირდება საზოგადოებას, თუკი ზოგიერთ შემთხვევაში გამოძიებას დავიწყებთ, ზოგ შემთხვევაში კი არ დავიწყებთ", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ცნობისთვის, ბანკების ასოციაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც იქმნება კონკრეტული ბანკების „ფეიკ გვერდები“ და მისი საშუალებით ხდება მომხმარებლის პირადი მონაცემების, მათ შორის საბანკო მონაცემების უკანონოდ მოპოვება.