ბუნებრივია, თუ რომელიმე მინისტრი იმ ტემპს ჩამორჩება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ საზოგადოებას ის შედეგი ვაჩვენოთ, რასაც შევპირდით, გადაწყვეტილება არ დააყოვნებს, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეკონომიკის ყოფილ მინისტრ გიორგი ქობულიასთან უთანხმოების მიზეზზე დასმულ შეკითხვას.
მისივე თქმით, ქვეყანას სჭირდება სწრაფი და ოპერატიული გადაწყვეტილებები.
„ჩვენ გვჭირდება სწრაფი და ოპერატიული გადაწყვეტილებები. ეს არის ერთმნიშვნელოვანი. 2019 -2020 წლებში ჩვენი ბიუჯეტი იქნება დაახლოებით 27 მილიარდი ლარი. რა თქმა უნდა, არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს საკმარისი რესურსი იქნება იმისთვის, რომ ჩვენ ყველა გამოწვევას გავუმკლავდეთ, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოების ცხოვრება და პრობლემები შევამსუბუქოთ. თუმცა ამ თანხას და ინვესტიციებს სჭირდება ძალიან ოპერატიული და ეფექტური მართვა. ბუნებრივია, თუ რომელიმე მინისტრი იმ ტემპს ჩამორჩება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ საზოგადოებას ვაჩვენოთ ის შედეგი, რასაც შევპირდით, გადაწყვეტილება არ დააყოვნებს“, - განაცხადა პრემიერმა.