რატომ გაუუარესა Fitch Ratings - მა ორ წამყვან ქართულ ბანკს რეიტინგი პოზიტიურიდან სტაბილურამდე?

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე Fitch Ratings -ის მიერ ორი წამყვანი ქართული ბანკისთვის რეიტინგის პოზიტიურიდან სტაბილურამდე გაუარესების ფაქტს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ეხმაურება.

„ბიზნესპრესნიუსი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„რატომ გაუუარესა Fitch Ratings - მა ორ წამყვან ქართულ ბანკს რეიტინგი პოზიტიურიდან სტაბილურამდე და გვჭირდება თუ არა პასუხისმგებლიანი დაკრედიტება?

მთავარი მიზეზი გასულ პერიოდში საცალო სესხების სწრაფი ზრდითა და საგანგაშოდ მაღალი მოცულობით უცხოური ვალუტით დაკრედიტების შედეგად გამოწვეული რისკებია. დიახ, ეს სწორედ ის რისკებია, რის გამოც ეროვნულმა ბანკმა, მომხმარებელთა ინტერესების დაცვისა და კომერციულ ბანკებში ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის ხელშეწყობის მიზნით, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციები შემოიღო. შეგახსენებთ, რომ გასული წლის განმავლობაში ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ აღნიშნული რისკების შესახებ ( http://bit.ly/2vczrO5), სადაც ვუთითებდით, რომ საცალო სესხების ზრდა მაღალი იყო და სათანადო, თუმცა არაპოპულარული, ზომებიც მივიღეთ.

#Fitch-ი პოზიტიურად აფასებს ჩვენ მიერ ამოქმედებულ რეგულაციებსა და უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემის 200,000 ლარის ქვედა ზღვარის დაწესებას და მოელის, რომ ეს ღონისძიებები ბანკების მაღალრისკიან დაკრედიტებას ნაწილობრივ შეამცირებს.

სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, ახლო მომავალში ბანკების რეიტინგის ცვლილება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა, თუ დოლარიზაციამ მნიშვნელოვნად იკლო, ეს რეიტინგებზე პოზიტიურად აისახება.

სხვათა შორის, #Fitch-ის 2019 წლის 22 თებერვლის განცხადების თანახმად, სწორედ იანვრიდან ამოქმედებული რეგულაცია გახდა ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების ერთ-ერთი ფაქტორი. საყურადღებოა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ კრედიტის მაღალი ზრდის ფონზე ამოქმედებული რეგულაცია, რომელიც მოსახლეობის ჭარბვალიანობის შეზღუდვის მიზნით დაწესდა, ფინანსური სტაბილურობის მდგრადობას შეუწყობს ხელს.

ვაღიაროთ: რეფორმები პოპულარული გადაწყვეტილებებით არ ტარდება. რეფორმები მეტწილად არაპოპულარულ ნაბიჯებს მოითხოვს,“- წერს გვენეტაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.