საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია სთხოვს ფინანსთა სამინისტროს, საერთოდ გააუქმოს (და არა გადავადებას) ბრძანება, რომელიც კრძალავს ხორბლის სამანქანო გზით შემოტანას.
„ბიზნესპრესნიუსი“ ასოციაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ბოლო პერიოდში გამოქვეყნდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევები, რომელიც ეხება მსოფლიო ბაზარზე ხორბლის მოსავლის პრობლემებს და მის გავლენას საქართველოს ბაზარზე, ბუნებრივია კვლევებმა დიდი დაინტერესება გამოიწვია საზოგადოებაში, რადგან შეეხება ქვეყნისთვის სასურსათო უსაფრთხოების მთავარ კომპონენტს ხორბალს, შესაბამისად აქედან გამომდინარე ისეთ სოციალური პროდუქტების ფასს როგორიცაა: ფქვილისა და პურის ფასი და მისი შემდგომი სტაბილურობა, აგრეთვე პროდუქტის უსაფრთხოება და ხარისხი.
კვლევებში ერთ-ერთ მიმართულებად აქტიურად განიხილება ხორბლის იმპორტის სამანქანო, სარკინიგზო და ზღვით შემოტანის დივერსიფიცირება და კონკურენტული გარემო. ამ კონტექსტში ტელე და საინფორმაციო საშუალებებში კვლავ აქტიურად განიხილება ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №314 , რომელიც უშვებს ხორბლის შემოტანას და გატანას მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით, შესაბამისი საბაჟო გამშვები პუნქტების მეშვეობით.
აღნიშნულმა ბრძანებამ 2018 წლის სექტემბერში ავტომანქანით ხორბლის გადამზიდავთა პროტესტი გამოიწვია და ბრძანების ძალაში შესვლა გადავადებულია 2019 წლის 1 ოქტომბრამდე.
საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის წევრებმა სხვადასხვა დროს არაერთხელ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია ინტერვიუებში თუ სტატიებში. თუმცა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიგვაჩანია კიდევ ერთხელ ოფიციალურად განვაცხადოთ:
ასოციაცია ყოველთვის მხარს უჭერდა და უჭერს ბაზარზე სწორი კონკურენციის პირობებს და თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებს, შესაბამისად ჩვენი პოზიციაა, რომ ქვეყნის ხორბლით მომარაგება ხორციელდებოდეს ყველა სახის - სამანქანო, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით.
რაც შეეხება ჩვენს პოზიციას ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №314 -სთან მიმართებაში, ასოციაცია ფინანსთა სამინისტროს ბრძანების საერთოდ გაუქმებას (და არა გადავადებას) თხოვს, რათა იგი არ გახდეს შემაფერხებელი ფაქტორი ერთის მხრივ სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებით ხორბლის იმპორტით დაკავებულ კომპანიებს შორის ურთიერთობის და მეორე მხრივ მთავრობასა და კომპანიებს შორის დარგის წინაშე არსებული პრობლემური საკითხებთან დაკავშირებული საკითხების განხილვასთან მიმართებაში სწორი კომუნიკაციის ჩამოყალიბების.
ამასთან ერთად განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ხორბალი და მისგან წარმოებული პროდუქცია, ფქვილი და პური იყოს უსაფრთხო, ხარისხიანი და შეესაბამებოდეს სტანდარტებს და ამასთან დაკავშირებით გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები. ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია ხორბლის, ფქვილისა და პურის ბაზარზე დღეს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ყველა დაინტერესებულ მხარეს - დარგში დასაქმებულ კომპანიებს, მთავრობას და არასამთავრობო ორგანიზაციებს თანამშრომლობისაკენ მოუწოდებს და მზადაა ჩაერთოს ნებისმიერ ფორმატში თუ სამუშაო ჯგუფის მუშაობაში და თავისი კომპეტენციის ფარგლებში აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე მდგომ ისეთ მნიშვნელოვან საკითხების გადაწყვეტაზე, როგორიცაა: ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება; ხორბლით სტრატეგიული მომარაგების შექმნა; მოწოდების სტაბილურობა და დივერსიფიცირება; სწორი კონკურენციის პირობების ჩამოყალიბება; ხორბლის , ფქვილის და პურის ფასების სტაბილურობა და უსაფრთხო, ხარისხიანი და სტანდარტის შესაბამისი პროდუქციის არსებობა ბაზარზე,“-აღნიშნულია განცხადებაში.