მიმდინარე კვირაში სემეკმა მოქალაქეებს 100 000 ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებებით, მიმდინარე კვირაში მოქალაქეთა სასარგებლოდ ჩამოწერილი თანხების ოდენობამ, ჯამში, 105 480 ლარი შეადგინა. ამის შესახებ სემეკიდან იუწყებიან.

მათი ინფორმაციით, სემეკმა მიმდინარე კვირაში გამართულ საჯარო სხდომებზე დღის წესრიგებით გათვალისწინებული 84 საკითხი განიხილა. მათი უმეტესობა შეეხებოდა მოქალაქეებსა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ კომპანიებს შორის არსებულ დავებს. მოქალაქეთა საჩივრები კომპანიების წინააღმდეგ მოიცავდა კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, მრიცხველის საფასურსა და კომპანიების დადგენილებებს მოქალაქეთა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე.

საჯარო სხდომებზე განსახილველად საკითხები წარადგინეს სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტისა და ენერგოომბუდსმენის სამსახურის წარმომადგენელმა.

„კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან მათი უფლებები ირღვევა, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ქოლ ცენტრში, ნომერზე 16 216, ისე სემეკის Facebook გვერდზეც,“ - ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.