თქვენს მიერ დასახელებულ პატივცემულ ბატონებს ვიცნობ, მაგრამ აბსოლუტურად არანაირი საფუძველი უცნაურ ინსინუაციებს, რაც მე წავიკითხე, რაც ექსპრომტად მოგონილს ჰგავს, არ აქვს, - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტის კითხვას, ლობირებდნენ თუ არა უჩა მამაცაშვილი და ვანო ჩხარტიშვილი მის დანიშვნას ეკონომიკის მინისტრად.
როგორც თურნავამ განაცხადა, მას ბევრ ბიზნესმენთან და პოლიტიკოსთან ჰქონია ურთიერთობა, თუმცა, ეს არ უნდა იყოს სპეკულაციების და ინსინუაციების საგანი.
„მას შემდეგ რაც გამოცხადდა ჩემი დანიშვნის შესახებ, ძალიან ბევრი უცნაური სპეკულაცია მოვისმინე, წავიკითხე და სერიოზული პასუხის გაცემა არ შემიძლია. თქვენ თუ გადახედავთ ჩემს ბიოგრაფიას, ნახავთ, რომ ამ წლების მანძილზე ვმუშაობდი ხელმძღვანელ თანამდებობებზე როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში. ბუნებრივია, რომ ძალიან ბევრ ბიზნესმენთან და პოლიტიკოსთან მქონდა ურთიერთობა. ცხადია, ეს არ უნდა იყოს სპეკულაციების და ინსინუაციების საგანი. ერთი რამ, რაც შემიძლია ვთქვა, თუკი ვინმეს წარმოვადგენ ამ მთავრობაში, თუკი ვინმეს ვლობირებ ამ შემთხვევაში, ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესი, ეს არის რიგითი მოქალაქეები, რომელთა გასაჭირსაც, ყველას ვპირდები რომ გულთან ახლოს მივიტან. უფრო გახსნილები ვიქნებით ეკონომიკის სამინისტრო, კიდევ უფრო მეტად ვიკონტაქტებთ ბიზნესწრეებთან, გავამარტივებთ სერვისებს რიგითი მოქალაქეებისთვის და მათი ხმა, მათი ლობისტი ვიქნები მე“, - განაცხადა თურნავამ.