„ენერგო-პრო ჯორჯიას“ შესწევს უნარი, ხელფასები თავისი სახსრებით გაზარდოს, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ, ამირან ზენაიშვილმა საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიული კავშირის საპროტესტო აქცია ს.ს. „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ დასაქმებულთა ხელფასების ზრდის, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების, შრომის უსაფრთხოების დაცვის გაუმჯობესების და პროფწევრებზე ზეწოლის აღკვეთის მიზნით გაიმართა.
როგორც ზენაიშვილმა განაცხადა, „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ მოლაპარაკების შედეგად ვერანაირი შეთანხმება ვერ შედგა, ამიტომ მოთხოვნები ძალაში რჩება.
„ვერანაირი შეთანხმება ვერ შედგა და რეალურად, შემდეგი ნაბიჯი ალბათ იქნება, რომ შევიდეთ მედიაციაში, რათა სახელმწიფოს ჩართულობით მოხდეს აღნიშნული საკითხების ანალიზი და განხილვა. იმ პოზიციაზე ვრჩებით, რომ რეალურად, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შესწევს უნარი, თავისი სახსრებით გაზარდოს ხელფასები. ვაგრძელებთ ბრძოლას და ის პოზიციები, რაც გაჟღერებული იქნა, თავისი მხრივ, ჩვენი წევრებისთვის არ არის დამაკმაყოფილებელი. მოთხოვნა, რომ 50%-ით მოხდეს ხელფასების ზრდა, ისევ ძალაში რჩება, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების საკითხიც და შრომის უსაფრთხოების საკითხებით. რაც დაგეგმილი გვქონდა, გაგრძელდება და იმ კანონით მონიჭებული უფლებამოსილებებს, რაც გვაქვს, ყველა პროცესით გავაგრძელებთ, იქნება ეს აქცია თუ მედიაცია“, - განაცხადა ზენაიშვილმა.
მისივე თქმით, დასაქმებულებს აქვთ შიში, რომ მათი აქტიურობის შემთხვევაში შეიძლება, ისინი სამსახურიდან გაუშვან.
„პროფკავშირის ლიდერი კახეთში არის განთავისუფლებული სამუშაოდან. ის ერთ-ერთი აქტიური იყო და რა თქმა უნდა, არის ეს ფაქტები. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ პროფკავშირის 150-ზე მეტი წევრი, იმ ფონზე, როცა ჩვენ მათი უფლებების დაცვასა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ვითხოვთ, პროფკავშირიდან გავიდნენ“, - აღნიშნა ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ.