ჩინეთმა გამოაცხადა, რომ ზამთრის ყინვების პერიოდში, ქარის ენერგიის გათბობის სისტემებში გამოყენებას ყველანაირად წაახალისებს. მსოფლიოს მეორე უდიდესი ეკონომიკა ცდილობს, რომ ქვანახშირის ინტენსიური მოხმარება და მასთან ერთად, ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამოყოფა შეამციროს.
ქვეყნის ენერგეტიკის ეროვნული ადმინისტრაცია ადგილობრივ ხელისუფლებებს ურჩევს, დასახონ გეგმები, რომლებიც 2019-2021 წლებში გათბობისთვის, ქარის სადგურებში გამომუშავებული ენერგიის წილის გაზრდას გაითვალისწინებს. მათვე უნდა მოამზადონ ინფრასტრუქტურა, რომელიც ქარის ენერგიის გამოყენებას ბიძგს მისცემს.
მთავრობა ადგილობრივ ხელისუფლებებს სულ რაღაც ორ თვეს აძლევს იმისთვის, რომ მათ ქარის ენერგიის ინტენსიურად ათვისების გეგმები შეიმუშაონ და პეკინში წარადგინონ. გადაწყვეტილია, რომ ქარის გენერატორები, რომლების მიერ გამომუშავებული ენერგიაც გასათბობად იქნება გამოყენებული, საგადასახადო შეღავათებს მიიღებს.