სოციალური მომსახურების სააგენტოსა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ გახსნა. დასაქმების ფორუმს ასევე ესწრებოდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან გოგოძე, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ხელმძღვანელი ლიკა კილაძე და სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარიამ ბეზარაშვილი.
სამინისტროს ინფორმაციით, „თბილისი მოლის“ მხარდაჭერით გამართული ფორუმის მიზანს შშმ პირთა დასაქმებისა ხელშეწყობა წარმოადგენდა.
დასაქმების ფორუმზე, შშმ პირებს აქტიური ვაკანსიები 20-ზე მეტმა საშუალო და მსხვილმა კომპანიამ შესთავაზა. მათ შორის იყვნენ: „დიო“, „ნიკორა“, „კარფური“, „კომფორტი“, „ჯეოჰეარი“, „პალიტრა ჰოლდინგი“, „გეფა“, სასტუმრო „შერატონი“, „ჰოთ თრეველი“, „ვენდისი“, „აჭარა ჯგუფი,“ „ემ გრუპი“ და სხვა.
სამუშაოს მაძიებელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არსებულ ვაკანსიებს ადგილზევე გაეცნენ და პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარეს.
ფორუმის მიმდინარეობისას, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა მონაწილეებს შშმ პირთა დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები და სერვისები დეტალურად გააცნეს.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განმარტებით, სახელმწიფო კერძო სექტორთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით, ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებასა და მათ შემდგომ ინტეგრაციას.