საკრებულოს წევრის, ბექა დავითულიანისთვის გაუგებარია, რატომ აპროტესტებს ოპოზიცია პარლამენტის უმრავლესობის წევრის, ბექა ოდიშარიასთვის თაბორის მთაზე 3 000 კვ.მ, მიწის სანაცვლოდ მუხიანში 35 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გადაცემას, როცა თაბორის მთაზე მშენებლობის წინააღმდეგი იყო.
როგორც დავითულიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ის ერთადერთი საკითხია, რაზეც უმრავლესობა "ნაციონალური მოძრაობის წევრ" ლევან ხაბეიშვილს ეთანხმება.
"სიტუაცია არის ძალიან მარტივი. თაბორის მთაზე, მუნიციპალიტეტმა, მათ შორის საკრებულოს ოპოზიციამაც, არ მიიჩნია მიზანშეწონილად რაიმე ტიპის განაშენიანება. საზოგადოებრივ ინტერესში არ შედიოდა, რომ თაბორის მთაზე ასეთი ტიპის განაშენიანება წამოწყებულიყო. ოპოზიციაც სწორედ ამას ამბობდა, რომ აქ მშენებლობა არ შეიძლება. ოპოზიციაც ამაზე თანხმდებოდა და მისი პროტესტი გაუგებარია, სიმართლე გითხრათ. არჩევანი გვქონდა ორი: ან უნდა გაგვეცვალა და სხვაგან მიგვეცა მიწა, ან უნდა წაგვერთმია. შესაბამისად, შევთავაზეთ გაცვლა. რაც შეეხება გაცვლის საფასურს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო მივიდა, შეაფასა რა ღირს თაბორზე მიწა. თაბორი მოგეხსენებათ, ქალაქის ცენტრია და ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ამ ქალაქში და ღირდა ძვირი. შესაბამისად, მივიდნენ მუხიანში, ნახეს მიწა, რომელიც შედარებით იაფი ღირდა. ამიტომ გამოვიდა თაბორი შედარებით მცირე მოცულობის მიწის ნაკვეთის გაცვლა, მუხიანის შედარებით დიდი მოცულობის მიწის ნაკვეთში", - განაცხადა დავითულიანმა.