სირაქლემების მოშენება და შემდგომ მათი საკვები დანიშნულებით რეალიზაცია - საქართველოში კიდევ ერთი ჩავარდნილი ბიზნესია. მიუხედავად იმისა, რომ ფრინველის ხორცი, ბუმბული და ტყავი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ძვირად ფასობს, ამასთან, საკმაოდ მოთხოვნადია, წლების წინ აღნიშნულმა საქმიანობამ საქართველოში არ გაამართლა. მეტიც, კომპანიამ, რომელმაც სირაქლემების ბიზნესი წამოიწყო და 8 წელი მის შენახვა-გამრავლებას მოანდომა, საბოლოოდ არსებობა გაკოტრებით დაასრულა.
ტექნოლოგი, სოფლიის მეურნეობის მეცნიერ-დოქტორი კობა ნაცვალაძე, რომელიც მაშინ საკმაოდ ხშირად სტუმრობდა ფერმას, კრახის მიზეზად არასწორ მენეჯმენტს ასახელებს. მისი თქმით, ადგილობრივი მოხმარებისთვის სირაქლემას ხორცის წარმოება წამგებიანია და ამისთვის საჭიროა გასაღების ბაზრის წინასწარ ძიება. თუმცა, კობა ნაცვალაძე აღნიშნავს, რომ პროდუქტის სიძვირიდან გამომდინარე, სწორად დაგეგმილი სირაქლემების ბიზნესი ნამდვილად მომგებიანია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული მონაცემების თანახმად, ცოცხალი სირაქლემების იმპორტი 2015 წლიდან დღემდე, მხოლოდ ერთხელ 2016 წელს განხორციელდა და 8 ტონა შეადგინა. რაც ფინანსური მაჩვენებლებით 22 000 დოლარს აღემატებოდა. რაც შეეხება ექსპორტს, ამ პერიოდში არ განხორციელებულა.
მანამდე, სირაქლემების ბიზნესი 1999 წელს დაიწყო, თუმცა „ინტელექტბანკის" პროექტი არ შედგა. ბელგიიდან საქართველოში სირაქლემების ჩამოყვანა კომპანიას მსოფლიო ბანკმა დაუფინანსა. ფერმის დირექტორმა რეზო რობაქიძემ ცხოველების ფერმა მარნეულის რაიონში ააშენა და მათ მოვლა-პატრონობას 8 წელი მოანდომა, თუმცა საქმიანობამ არ გაამართლა.
როგორც კობა ნაცვალაძე აცხადებს, ამის მიზეზი იყო ის, რომ პროდუქტის გასაღების ბაზრის მოძიება წინასწარ არ მოხდა. საქართველოში კი სირაქლემას ხორცზე, ბუმბულსა და ტყავზე მოთხოვნა არ არსებობს.
„ბიზნესის ჩავარდნის მიზეზი იყო პირველ რიგში, არასწორი მენეჯმენტი. როდესაც რეზო რობაქიძემ სირაქლემების მოშენება დაიწყო, ფიქრობდა, რომ ყველაფერი კარგად წავიდოდა, მაგრამ საქართველოში მისი გასაღების ბაზარი არ არსებობდა, მიუხედავად იმისა, რომ სირაქლემას ხორცი, ბუმბული და ტყავი მსოფლიოში ძალიან ძვირად ფასობს და საკამოდ მოთხოვნადია. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, რობაქიძემ სირაქლმემების კვერცხის იმპორტი განახორციელა, 25-30 ფრთა გაამრავლა, მათ მოვლა-პატრონობას დაახლოებთ, 8 წელი მოანდომა, შემდეგ კი საქმიანობა შეწყვიტა.
ბიზნესის ჩავარდნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საქმიანობის არასწორ დროს დაწყება იყო, რადგან ამ ეპერიოდში ტურიზმი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა განუვითარებელი იყო. ამასთან, არც სასტუმროების ქსელი იყო მაღალ დონეზე. ახლა ტურიზმთან ერთად, სასტუმროების ქსელიც განვითარდა და ამ ბიზნესისთვის გაცილებით ხელსაყელი პერიოდია. იმ დროისთვის კი მხოლოდ ერთი სუპერმარკეტების ქსელი იყო, ვინც სირაქლემას ხორცი სარეალიზაციოდ შეიტანა, მაგრამ არ გაეყიდა და აღარ შეუკვეთა. ახლა სავაჭრო ქსელებიც განვითარდა და შეიძლება, უფრო მეტი მომხმარებელიც გამოჩნდეს. თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ საქართველოს მოსახლეობა გასაღების ბაზრი ვერ იქნება. ეს უფრო განკუთვნილია ტურისტულ სეგმენტზე, რესტორნებში, სასტუმროებში და ა.შ.“,- ამბობს კობა ნაცვალაძე.
მისი თქმით, პროდუქტი საექსპორტოდ ყველაზე მეტად მომგებიანია, რადგან მასზე დიდი მოთოვნაა როგორც ევროპაში, ისე აზიასა და ამერიკაში.
„მსოფლიოში სირაქლემას ხორცი დელიკატესად ითვლება. არსებობს კიდეც რამდენიმე მსხვილი საწარმო, სადაც სირაქლემებს აშენებენ. თუმცა ჩვენთან, ბიზნესმენმა, ვინც ამ საქმინობით დაინტერესდება, პირველ რიგში, უნდა მოიძიოს საექსპორტო ბაზრები“,-ამბობს კობა ნაცვალაძე.
რაც შეეხება თავად წარმოების პროცესს, ტექნოლოგი განმარტავს, რომ სირაქლემას შენახვა საკმაოდ ძვირი ჯდება, თუმცა მისი პროდუქტიულობა და ფასი იმდენად მაღალია, რომ ბიზნესი ნამდვილად მომგებიანია.
„სირაქლემა ძალიან ბევრს ჭამს და მოვლა არც ისე მარტივია. დავიწყოთ იმით, რომ სირაქლემების ერთ ჯგუფს, მხოლოდ ერთი პიროვნება უნდა უვლიდეს. მაგალითად, თუ მწარმოებელს 50 ფრთა ჰყავს, დაყოფილი უნდა იყოს 15-20 ფრთიანი ჯგუფებად და თითეულს მხოლოდ ერთი მომვლელი ჰყავდეს, რადგან სირაქლემა ძალიან აგრესიულია და უცხო პირი შეიძლება დააზიანოს. გარდა ამისა, მისი მასიდან გამომდინარე (დაახლოებით, 100 კილოგრამამდე იზრდება), საკმაოდ დიდი რაოდენობის საკვებს მოითხოვს. წარმოიდგინეთ, ინდაური არის 10 კილოგრამი და დღეში 500 გრამ საკვებს ჭამს, რომ გადავიანგარიშოთ, სირაქლემას დღეში 30-დან 50 კგ-მდე საკვები სჭირდება. ამიტომ, მისი შენახვა არც იაფი ჯდება. თუმცა, თუ მისი ხორცის, ტყავისა და ბუმბულის ფასს გავითვალისწინებთ, სირაქლემას მოშენება ზარალიანი ნამდვილად არ იქნება. პირიქით, ძალიან დიდ მოგებაზე შეიძლება მუშაობა“,-აცხადებს კობა ნაცვალაძე.