ჩინელი მილიარდელი და ონლაინ მაღაზიის „Alibaba“-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი კვლავ დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე სამუშაო დღისა და ექვსდღიანი სამუშაო კვირის მომხრედ რჩება.
ჩინურ მედიაში მწვავე განხილვის საგანს წარმოადგენს ჯეკ მას მიერ ე.წ. „996“ სისტემის“ მხარდაჭერა.
ორიოდე დღის წინ ჯეკ მა წერდა, რომ ამ სისტემის გარეშე, ჩინეთის ეკონომიკა, დიდი ალბათობით, დაკარგავს სიცოცხლისუნარიანობასა და იმ იმპულსს, რომელიც მას ასაზრდოებს“.
მის პოზიციას სრულიად იზიარებს მისივე კოლეგა და თანამოქალაქე, ინტერნეტგაყიდვების გიგანტის „JD.com“-ის ხელმძღვანელი - მეწარმე რიჩარდ ლიუ.
პარასკევს, ჯეკ მამ 996 საათიანი მუშაობის შესაძლებლობას „ღმერთის წყალობა“ უწოდა.
რიჩარდ ლიუს თქმით, ჩინეთში, ეკონომიკური ზრდის სწრაფმა ტემპმა, რომელიც უკვე წლებია გრძელდება, „უსაქმური“ ადამიანების მომრავლება გამოიწვია.
უკვე 25 წელია, ქვეყნის ეკონომიკა ყოველწლიურად დაახლოებით 10%-ით იზრდება. ეს პროცესი 1970-იანი წლების ბოლოს დაიწყო და 2000-იანი წლების შუა პერიოდამდე გაგრძელდა - თუმცა ამის შემდეგ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი თითქმის 6%-ით შემცირდა.
ამ ორი მეწარმის კომენტარებმა სწორედ იმ დროს გაიჟღერა, როდესაც „JD.com“-მა სამუშაო ადგილების შემცირების შესახებ განაცხადა.
რიჩარდ ლიუმ, რომელმაც, 1998 წელს, საფუძველი ჩაუყარა კომპანიას, რომელიც შემდგომ „JD.com“-ად ჩამოყალიბდა, ახლახანს გაამჟღავნა საკუთარი დამოკიდებულება მუშაობის შესახებ; როგორც თავად ამბობს, ის მაღვიძარას ისე აყენებდა, რომ ყოველ ორ საათში ერთხელ გაღვიძებოდა, რათა შეძლებოდა საკუთარი კლიენტებისათვის 24 საათიანი მომსახურების შეთავაზება.
როგორც ლიუ წერს: "გასული ოთხი თუ ხუთი წლის განმავლობაში “JD“-დან არც ერთი თანამშრომლის გათავისუფლება არ მომხდარა, კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდებოდა, იზრდებოდა და იზრდება შემკვეთთა რაოდენობაც, მაგრამ შემცირდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელიც მართლა მუშაობს.
ძალიან მომრავლდა უსაქმური ადამიანები ჩემს გარშემო და თუ ეს ასე გაგრძელდა, „JD“-ს რაღა მომავლის იმედი უდა ჰქონდეს?! ბაზრიდან კინწის კვრით გამოგვაგდებენ! „უსაქმურები“ ჩემი მეგობრები ვერ იქნებიან!“, -წერდა ლიუ.
ჯეკ მა „Alibaba”-ს ერთ-ერთი დამფუძნებელია, კომპანიისა, რომელსაც ხშირად ჩინურ „eBay“-საც უწოდებენ. „Alibaba” 1999 წელს დაარსდა და მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ინტერნეტ კომპანიად იქცა.
კომპანიის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 490 მილიარდ დოლარს (374 მილიარდი ფუნტ სტერლინგს) შეადგენს, ხოლო ბ-ნი მას პირადი ქონება 40 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.
გასულ წელს მან განაცხადა, რომ ახლო მომავალში აპირებს დატოვოს კომპანიის აღმასრულებელი თავმჯდომარის პოსტი.
მოამზადა - ეკატერინე ბიწკინაშვილმა