"ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსებას მერია 10 ათასი ლარით გაზრდის"

ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსებას მერია 10 ათასი ლარით გაზრდის, - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსების საკითხს.

მისივე თქმით, საკრებულოს მიერ მხარდაჭერილი ცვლილებების თანახმად, დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების მიღებას ყოველთვიურად უფრო მეტი მოსარგებლე შეძლებს.

„საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსებასთან დაკავშირებით. წელს დაფინანსება 10 ათასი ლარით გაიზრდება და თბილისის მერია ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას თითოეულ პაციენტს 60 ათასის ნაცვლად, 70 ათასი ლარით დაუფინანსებს", - განაცხადა გიორგი ბირბიჩაძემ.

ცნობისთვის, ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამის განხორციელება თბილისის მერიამ შარშან დაიწყო და ათი პაციენტი უკვე დაფინანსდა. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის, თბილისის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებულები.